პეტერბურგში სახის ამომცნობმა კამერამ რუსი მუსიკოსი დიმიტრი გორდონად აღიქვა. პანკ-ჯგუფის ვოკალისტი დიმიტრი გალიამინსკიხი პოლიციამ ქუჩაშივე დააკავა. ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში თავად წერს – ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.
“რა ღადაობაა! ახლა პეტერბურგში მოსკოვის სადგურზე მივდივარ და ვგრძნობ, ვიღაც მომდევს. ჰოდა, ვიფიქრე, მიცნეს და ავტოგრაფი ან ფოტო უნდათ-მეთქი. ვბრუნდები და პოლიციელები მოქრიან, წამებში დამაკავეს“ | დაწერა მან.
გალიამინსკიხის თქმით, პოლიცია მისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სახის ამოცნობის სისტემამ მასში უკრაინელი „ტერორისტი ჟურნალისტი“ დიმიტრი გორდონი „ამოიცნო“:
“და არა მხოლოდ სისტემამ, ერთმა პოლიციელმა წვერზე და თმაზე ხელიც კი მომიკიდა, რომ შეემოწმებინა, კონსპირაციისთვის ხომ არ მეკეთა. საბოლოოდ, მატარებელზე ლამის დამაგვიანდა“.
2022 წლის აპრილში გორდონი კრემლმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა, სექტემბერში კი იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა.
2024 წლის ივლისში რუსეთის სასამართლომ დიმიტრი გორდონს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა “ცრუ ინფორმაციების” გავრცელებისთვის.