ის რაც წერია [სამთავრო გეგმის] ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის მხრიდან წარმოდგენილი სამთავრობო გეგმა არაფრით განსხვავდება უკვე არსებული სამთავრობო გეგმისგან.
ქადაგიშვილის განმარტებით, ოპოზიცია იმისთვის არის ოპოზიცია, რომ მხარი არ დაუჭიროს სამთავრობო გეგმას და მას უარყოფითი შეფასება გაუკეთოს, თუმცა დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციის შეფასებები ძირითადად ქილიკზე იქნება დაფუძნებული.
„ის რაც წერია [სამთავრო გეგმის] ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს. ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ ერთი თვის წინ მივიღეთ და ამ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა აქვს, რა თქმა უნდა, პარლამენტს აღებული. აქედან გამომდინარე, არც აქ იქნება ძირეული ცვლილება. თუ რა იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის აქცენტები და პოლიტიკური გზავნილები, ამას დავინახავთ, როდესაც ის სიტყვით გამოვა.
ოპოზიციას აწუხებს პერსონალური საკითხები და არა ის, თუ სახელმწიფოში რა კეთდება ეკონომიკისა და ხალხისთვის. ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელიც წარმატებულ პოლიტიკას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის, ეს არის ძირითადი მიზანი. წარმატებული პოლიტიკის მიმართულებები მრავალვექტორიანია და ჩვენ ყველა მიმართულებით როგორც პარტიულ ცხოვრებაში, ასევე საპარლამენტო და სამთავრობო საქმიანობაში გვაქვს მყარი საფუძველი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ.
ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არ დაუჭერს მხარს, იმისთვის არის ოპოზიცია, რომ არ დაუჭიროს მხარი, თუ დაუჭერს მხარს, მაშინ ოპოზიცია აღარ იქნება და იქნება უმრავლესობის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, უარყოფით შეფასებებს გააკეთებს, მაგრამ, ძირითადად, ეს უარყოფითი შეფასებები იქნება გარკვეულ ქილიკზე დამყარებული და არ იქნება შინაარსობრივი“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული სტრატეგიული ურთიერთობები მათ შორის ჩინეთის მიმართულებით, არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, ძალიან ლოგიკურია.
„თუ დააკვირდებით სამთავრობო პროგრამის სათაურს, ის ყველაფერს ამბობს: „ევროპული სახელმწიფოსთვის“. ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი, მაგრამ ამავდროულად საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მოთავსებულია ლუქსემბურგს, ნიდერლანდსა და ბელგიას შორის. ჩვენ ვართ იმ რეგიონში, სადაც მრავალი ინტერესი იკვეთება, ამიტომ ჩვენი პოლიტიკაც ვალდებულია, რომ ამ მრავალი ინტერესის გადაკვეთის ადგილზე იყო ადეკვატურად მოწოდებული ყველა ამ ინტერესების თუ გამოწვევების საპასუხოდ. დღეს ერთ-ერთი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფნის სრულმასშტაბიანი რეალიზაცია მოხდეს, სახეზე გვაქვს. გამომდინარე აქედან, ჩინეთი არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქტორი და ეს მიმართულება, ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება მთავრობის საქმიანობის. ამიტომ აქ ყველაფერი არის ლოგიკური და ნორმალური. ასე რომ, ძალიან ვთხოვ ჩვენს ძვირფას ოპოზიციას, ეტლის ცხენივით თვალებზე ნუ აგვაფარებენ საფარებს!”- განაცხადა ქადაგიშვილმა.