მარტვილიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – სურსათის სააგენტო – Netgazeti

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში ცოფის შემთხვევა გამოავლინა. უწყების ცნობით, ლაბორატირიული ცოფი დაუდასტურდა მარტვილიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ მიუსაფარ ძაღლს.სააგენტოში განმარტავენ, ძაღლი, საეჭვო ნიშნების გამო, ცოფის დადასტურებამდეც იზოლირებული იყო.“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; ⁠მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა”, – წერია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, “ორი ნაბიჯის” მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ვაქცინაციისთვის.