ლარი ყველაზე მყარი მაისში იყო – როგორ იცვლებოდა ვალუტის კურსი 2023 წელს

გასულ, 2023 წლის ბოლოს, დასაწყისთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებით კი გაუფასურდა.
· თუკი წლის პირველ სამუშაო დღეს – 3 იანვარს 1 დოლარი 2,7038 ლარი ღირდა, ბოლო სამუშაო დღეს – 29 დეკემბერს 1 დოლარის ფასი 2,6894 ლარი გახდა (სხვაობა 2 თეთრზე ნაკლებია);
· ლარის გამყარების ტენდენცია გასული წლის დასაწყისიდან დაიწყო, ყველაზე იაფი დოლარი კი მაისში ღირდა. 8 მაისს 1 დოლარის ფასი 2,483 ლარი იყო. წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრად კი, 2 დღეში – 10 მაისს გაუფასურდა 4,64 თეთრით.
რაც შეეხება ევროს:
· 2023 წლის პირველ სამუშაო დღეს – 3 იანვარს 1 ევრო 2,8498 ლარი ღირდა, ბოლო სამუშაო დღეს – 29 დეკემბერს 1 ევრო ფასი 2,9753 ლარი გახდა (სხვაობა 12 თეთრზე მეტია);
· ევროს კურსი გასული წლის განმავლობაში ცვალებადი იყო, შეიმჩნეოდა როგორც გამყარების, ისე გაუფასურების ტენდენციებიც. ლარი ევროსთან მიმართებით ყველაზე მყარი 2 მაისს იყო, როცა 1 ევრო 2,7295 ლარი ღირდა, ყველაზე გაუფასურებული კი – წლის ბოლო სამუშაო დღეს.
2024 წელს:
· ლარის კურსი დოლართან მიმართებით მცირედით იცვლება. პირველ სამუშაო დღეს, 3 იანვარს 1 დოლარი 2,6889 ლარი ღირდა, 2 თებერვლის მონაცემებით კი ფასი 2,6688 ლარია;
· ევროსთან მიმართებით ლარს გამყარების ტენდენცია აქვს: თუკი პირველ სამუშაო დღეს, 3 იანვარს 1 ევრო 2,939 ლარი ღირდა, 2 თებერვლის მონაცემებით ფასი 2,9042 ლარია.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბანკებს 52,65 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული. ეროვნული ბანკის თანახმად, მხოლოდ დეკემბერში ბანკებმა 1,46 მილიარდი ლარი გაასესხეს. ჯამში, სესხების მოცულობა 2023 წლის დეკემბრის ბოლოს 52,65 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. გაცემული სესხების თითქმის 55 პროცენტი ლარშია, დანარჩენი 45 პროცენტი კი – უცხოურ ვალუტაში.