გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს – Netgazeti

ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილს დაპატიმრებული მაღაროელების შეწყალების შესახებ ოფიციალური შუამდგომლობით მიმართავენ.
„შუამდგომლობას მაღაროელების შეწყალების შესახებ, პრეზიდენტს გავუგზავნით მიმდინარე სესიის დასრულებისთანავე“, — განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მან მოუწოდა ხელისუფლებას, მოისმინონ ჭიათურის მოსახლეობის წუხილი, მაღაროელების გასაჭირი და მათი სამართლიანი პროტესტი. კერესელიძის თქმით, ისინი ითხოვენ:
დაპატიმრებული ჭიათურელი მაღაროელების გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ
გველესიანისა და აჩიკო ჭუმბურიძის განთავისუფლებას;
შრომის რეალურ ანაზღაურებას, რის გამოც 3500 კაციდან 2000-ზე მეტი დასაქმებული მაღაროელი შემოსავლის გარეშე დარჩა;
რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების
ნორმების მკაცრად დაცვას.
„ჭიათურელი მაღაროელების დაკავება უკავშირდება მწვავე სოციალურ საპროტესტო ტალღას, რომელიც უკიდურესი გაჭირვების, შრომითი პირობების გაუარესების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის გამო „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაპატიმრებულ მაღაროელებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუ ნამდვილად გაქვთ პოლიტიკური ნება ქვეყანაში დაიწყოს პოლიტიკური ვითარების დამშვიდება და დაძაბულობის განმუხტვა ნუ დაიწყებთ მტყუან-მართლის გარჩევას, ნურც დანაშაულის აღიარებას მოსთხოვთ ვინმეს და ნურც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს დააბრალებთ. შეურიგდით საკუთარ ხალხს, ახალგაზრდებს და გაათავისუფლეთ პატიმრობიდან დაკავებული მაღაროელები გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე. დამერწმუნეთ, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ამაყად გექნებათ უფლება თამამად ისაუბროთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დეპოლარიზაციასა და ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის დამყარებაზე“, — განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, პატიმრობაშია 4 მაღაროელი. მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს კი — 4 წელი და 3 თვე.
მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავებოდა.
შემთხვევა 2025 წლის 28 აპრილს მოხდა. ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.
მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მაღაროელთა მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა