ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, გადახედოს აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს, პატიმრობას.
დღეს, 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებული სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს
საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეაფასა. შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და მიიღოს ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება”, – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ადამიანის უფლებათა ცენტრი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის მცველები
თბილისი პრაიდი
მწვანე ალტერნატივა
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
აქტივისტ ნატა ფერაძისთვის 5-დღიანი პატიმრობის შეფარდება არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ეს ორგანიზაცია იცავს ფერაძის უფლებებს სასამართლოში.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ნატა ფერაძეს პატიმრობა დღეს, 2 თებერვალს, შეუფარდა. მან დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა, რომელსაც საქმის წარმოება დაწყებული ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა).
ფერაძე სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, მას დასაპატიმრებლად პოლიციამ სახლში მიაკითხა.
მოსამართლემ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმა, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული.
ინფორმაცია მატრონა მოსკოველის ხატზე ფეისბუკში იანვრის პირველ რიცხვებში გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
როგორ მოხვდა მატრონა მოსკოველის ხატი სამების საკათედრო ტაძარში
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო სამების საკათედრო ტაძარში და მისთვის ყურადღება იმ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფეისბუკვიდეოში დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობდა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი დავით თარხან-მოურავი.
9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს, 10 იანვარს დილით კი თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. “ხატის შეურაცხყოფის” გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც “ალტ-ინფოს” მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.
17 იანვარს რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძრიდან შესწორების გასაკეთებლად გაიტანეს.