გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა არჩევნების საერთაშორისო დღეს გაიმართა.
გიორგი კალანდარიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაშიც და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
„დღეს არჩევნების საერთაშორისო დღეა და სიმბოლურია, რომ საკონსულო თანამდებობის პირებთან გვაქვს შეხვედრა. ჩვენ გავუზიარეთ მათ ინფორმაცია იმ ნოვაციური სერვისების და ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაცია, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველვყოთ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. შესაბამისად, მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და პერსონალურად ხათუნა თოთლაძეს ამ ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ცესკოს თავმჯდომარემ.
„მინდა მადლიერება გამოვხატო ცესკოს მიმართ, რომელიც შემოგვიერთდა იმისათვის, რომ კიდევ უფრო კოორდინირებულად ვიმუშაოთ ერთად და საკონსულო თანამდებობის პირები იყვნენ ინფორმირებული იმ ახალი ტექნოლოგიების და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ნერგავს ცესკო. დარწმუნებული ვარ, ასეთი ცოდნის გაღრმავების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო უკეთესად შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში იმართება. ხუთდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ