საქართველოს რეზიდენტების მფლობელობაში 4.8 მლრდ დოლარის უცხოური აქტივებია

საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენის ბოლოდროინდელი ტენდენცია გრძელდება. ამის შესახებ კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

პუბლიკაციის მიხედვით, დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტების მფლობელობაში 4.8 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებია, რაც მშპ-ის 12.7%-ს შეადგენს.

“პორტფელური ინვესტიციების მხრივ, საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენის ბოლოდროინდელი ტენდენცია გრძელდება. დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტების მფლობელობაში 4.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებია, რაც მშპ-ის 12.7%-ს შეადგენს. ამასთან, გარკვეულწილად შეცვლილია სტრუქტურა: თუ 2024 წელს ყველაზე დიდი წილი კომერციული ბანკების მიერ სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენაზე მოდიოდა, 2025 წელს კერძო სექტორის (ბანკების გარეშე) შესყიდვები გააქტიურდა, როგორც კოტირებული, აგრეთვე საინვესტიციო ფონდების აქციების კუთხით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტირებული შემოსავლების გარეშე, 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, დაბალ ნიშნულზე დარჩა (მშპ-ის 0.8%).

“რეინვესტიციის ჩათვლით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (31%), რომელსაც გაერთიანებული სამეფო (20%) და თურქეთი (11%) მოსდევდა. სექტორულ ჭრილში, მაღალი ხვედრითი წილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს (36%), უძრავ ქონებასა (11%) და ლოჯისტიკას (10%) ეკავა”, – ნათქვამია დოკუმენტში.