ქრისტე აღდგა!
აღდგომამდე ეკლესია გვახსენებს გოლგოთის გზას, როგორც არა მხოლოდ ტანჯვისა და ტკივილის ისტორიას, არამედ ღვთის უსაზღვრო სიყვარულის გამოცხადებას. ჯვარი, რომელიც გარეგნულად მარცხისა და დამცირების ნიშნად მიიჩნეოდა, სინამდვილეში იქცა სიყვარულის გამარჯვებად.
“ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.” (იოან. 3, 16)
ჯვარი აღარ არის დასასრული, არამედ იგი არის გზა სიცოცხლისაკენ. ჯვარი აღარ არის ტანჯვისა და ტკივილის სიმბოლო, არამედ იმ სიყვარულის, რომლისგანაც იბადება აღდგომის დიდება.
დღეს ეკლესია არა მხოლოდ იხსენებს უფლის აღდგომას, არამედ კვლავ და კვლავ ცოცხლად განიცდის იმ ჭეშმარიტებას, რომ ,,აქ აღარ არის, არამედ აღდგა” (ლუკ. 24,6).
ეს სიტყვები მხოლოდ მენელსაცხებლე დედებს კი არ უთხრა ანგელოზმა ოდესღაც, არამედ, ეს სიტყვები ყველა დროის ადამიანს მიემართება, სიტყვები, რომლითაც ვრწმუნდებით, რომ იესო ქრისტეს წყალობით არც ბნელი არის საბოლოო, არც ტკივილია უკანასკნელი და არც სიკვდილია დაუძლეველი. ქრისტეს აღდგომა მოწმობს, რომ ღვთის ძალა იქ იწყებს სრულად გაცხადებას, სადაც კაცობრივი თვალისთვის ყველაფერი დასრულებულია.
აღდგომა არის მარადიული ნუგეში და მარადიული მოწოდება განახლებისაკენ. წმიდა წერილი გვამცნობს: ,,აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს” (გამოცხ. 21, 5). ეს ღვთიური სიახლე არ არის მხოლოდ გარეგანი ცვლილება, არამედ ეს არის გულის განახლება, გონების განწმენდა და სიცოცხლის თავიდან აღმოცენება. ქრისტეში ყოველ დასასრულს შეუძლია იქცეს დასაწყისად, ყოველ დაცემას – აღდგომად, ყოველ მწუხარებას – კურთხეულ იმედად.
ამავე სულიერი ხედვით უნდა შევხედოთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დღეს საქართველოს ეკლესიის წინაშე დგას. ახალი პატრიარქის არჩევა მხოლოდ საეკლესიო წესის აღსრულება არ არის. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან პატრიარქი არის არა მხოლოდ ეკლესიის საყრდენი, არამედ ის ხშირად განაპირობებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსაც. საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით კი – XX საუკუნის, ნათლად გვასწავლის, რომ ეკლესიის მწყემსმთავრის პიროვნება ბევრად სცილდება მხოლოდ შიდა საეკლესიო ცხოვრებას – მისი სიტყვა, სიბრძნე და სიმტკიცე ხშირად იქცევა მთელი ქვეყნისთვის სიმამაცის, გაერთიანებისა და მომავლის რწმენის წყაროდ, ამიტომ ახალი მწყემსმთავრის არჩევა მნიშვნელოვანია როგორც ეკლესიისთვის, ისე ზოგადად საქართველოს მომავლისთვისაც, რადგან არა მხოლოდ ეკლესიას ჰყავდეს ისეთი მწყემსი, რომელიც იქნება სარწმუნოების ერთგული მცველი, არამედ ქვეყანას ჰყავდედ სიმართლისთვის მებრძოლი ღირსეული ლიდერი.
დღეს განსაკუთრებით გვმართებს, რომ ამ საკითხს შევხედოთ არა ადამიანური ვნებებით, არა შიშით, არამედ აღდგომის შუქით. რადგან თუ ქრისტემ სიკვდილი დათრგუნა, მაშინ ჩვენთვის არც გაურკვევლობა უნდა იქცეს სასოწარკვეთად. უფალი, რომელმაც თქვა – ,,მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე” (იოანე 11, 25) კვლავ მოქმედებს თავის ეკლესიაში.
აღდგომა გვასწავლის, რომ ღვთის მოქმედება იწყება იქ, სადაც ადამიანი მხოლოდ საფლავს ხედავს. სწორედ აქ ისმის ანგელოზის სიტყვა, სწორედ აქ იწყება ახალი ამბავი, სწორედ აქ იბადება იმედი, ამიტომ არ უნდა გვაშინებდეს არც დღევანდელი განსაცდელები და არც მომავლის სიძნელეები.
,,ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში” (ფს. 117, 24).
ეს დღე ნამდვილად უფლის ქმნილია და მისი მადლითვე შეიცვლება ისიც, რაც დღეს ჯერ კიდევ ბნელი ან ბუნდოვანი ჩანს.
,,ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით“ (ეს. 41, 10)
წმიდა წერილის ამ სიტყვებში არის ჩვენი ნუგეშიც, სიმტკიცეც და მომავლის იმედიც. ქრისტეს აღდგომა გვარწმუნებს, რომ ბოროტება არასოდეს არის უკანასკნელი სიტყვა, ღამე არასოდეს არის საბოლოო, და ღვთის მადლით ყველაფერი – მათ შორის მკვდართა დასამარხი საფლავიც კი შეიძლება გარდაიქმნას დიდებულ, სიცოცხლით სავსე სიახლედ.
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!