“აი, ასე დაანგრიეს მამაჩემის ნაწვალევი, გაფრთხილების გარეშე, უკანონოდ” – ინსპექციამ საბურთალოზე ნაგებობები დაანგრია

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ საბურთალოს რაიონში, ფერაძის ქუჩაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ განთავსებული, დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა.
“რეკრეაციულ სივრცეში, სკვერის ტერიტორიაზე სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა… უკანონოდ განთავსებული შენობა ხელს უშლიდა სკვერის რეაბილიტაციას, დემონტაჟის შემდგომ სკვერის მოწყობის დასრულების მიზნით სამუშაოები გაგრძელდება,” – ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში.
დემონტაჟის ამსახველი კადრები მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ მათი სახლი გაფრთხილების გარეშე დაანგრიეს:
“ასე დანგრეულზე, უკვე ფაქტზე მოვედით და ვხედავთ, რომ არის დანგრეული და რას აკეთებს “ქართული ოცნება.” “ქართული ოცნების” სახე. ვხედავთ. ყველაფერს ვხედავთ. აი, ასე დაანგრიეს მამაჩემის ნაწვალევი, 30 წლის განმავლობაში შემოღობილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც 90-იანებში, ფაქტიურად, გავიზარდეთ ჩვენ…აქ იყო სახლი აშენებული. სასამართლოშია შეტანილი ყველაფერი, გვყავს იურისტი და გაფრთხილების გარეშე დაანგრიეს, უკანონოდ, არ ჰქონდათ უფლება,” – ამბობს მოქალაქე.

ასევე დაგაინტერესებთ