: მართალია მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდო ღირებულებები და ცვლილებების ჟინმა მთლიანად ევროპა მოიცვა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
მისი თქმით, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები, რომლებიც პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულები იგივე პირები არიან, ვინც პატრიარქის გარდაცვალების დღეს აქციას მართავდნენ რუსთაველის გამზირზე.
„ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია რა მიზანი ამოძრავებთ რადიკალებს – სურთ ქვეყანა გახადონ მორჩილი და ასრულებენ გარე დაკვეთებს. პრაქტიკულად ყველაფრის პრივატიზებას აკეთებენ. ყვავილებსაც კი დაუწყეს ბრძოლა, არა მხოლოდ თარიღს. არ მოერიდათ და 9 აპრილის მონაწილეთა ოჯახის წევრების წინააღმდეგ გაილაშქრეს. უკვე გაცვეთილია იარლიყი – რუსეთუმეობა, რომელმაც არ გაჭრა და შემდეგ ირანიზაციაზე გააკეთეს აქცენტი, თითქოს საქართველო ირანს უჭერდა მხარს. მოკლედ, იარლიყების კორიანტელია, მიზანი კი ერთი.
ერის ერთიანობის თვალსაზრისით ერთმანეთს შევადარე 9 აპრილის და პატრიქრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მწუხარებით შეკრებილი მთელი საქართველო, მაგრამ სწორედ ამ მწუხარების დროს, ეს რამოდენიმე ერთეული ადამიანი ისევ აქციას მართავდა მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. ანუ არავითარი ადამიანური, ეროვნული განცდა, შეგნება არ აქვთ და დამოკიდებულები არიან, მხოლოდ გარე დავალებებზე,“ – განაცხადა მან.
დეპუტატი 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლას და აქტივისტების მისამართით გაკეთებულ მადლობის გამომხატველ ჟესტსაც გამოეხმაურა.
„პიტერ ფიშერის სტუმრობა 9 აპრილის მემორიალთან, როგორც გამოჩნდა არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული და მისი ეს ქმედება იყო პოლიტიკური. სწორედ ამიტომ ის მიესალმა მათ, ვინც აურზაურს ტეხდა. სხვათა შორის ასეთი წაქეზებები ბოლო პერიოდში არაერთი ვნახეთ. გახსოვთ ალბათ, როდესაც „მაიდანიზაციის“ წაქეზება ხდებოდა და ბალტიის ქვეყნების მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა პირდაპირ მიტინგზე გამოდიოდა და აქეზებდა მომიტინგეებს, ცეცხლი ანთებულიყო შუაგულ დედაქალაქში. ვნახეთ, როცა ელჩების უდიდესი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ სცენაში მონაწილეობდნენ. გახსოვთ ალბათ წინდებით გატანილი მასალა კვლევისთვის.
სურდათ დაემტკიცებინათ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვინმე აწამებდა. ასეთი სცენების მომსწრე უკვე ვართ და არ არის ეს უცხო. სამწუხაროა, მაგრამ თავად დასალეთის პოლიტიკურ წრეებშიც ეს ყველაფერი გაცვეთილია და ბოლო არჩევნებმაც აჩვენა, რომ ფსევდო-ლიბერალები თანდათან კარგავენ პოზიციებს. საფრანგეთი, გერმანია, შოლცის მესამე ადგილზე გასვლა, მაკრონის საარჩევნო პოზიციების დათმობა და ა.შ. მართალია მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდო ღირებულებები და ხედავთ, რომ ცვლილებები არის არამხოლოდ ერთ რომელიმე ლოკაციაზე, არამედ მთლიანად ევროპა მოიცვა ასეთი ცვლილების ჟინმა და სურვილმა,“ – განაცხდა დიმიტრი ხუნდაძემ.