ხელისუფლებას არ აქვს მზაობა, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ჩართოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები – თამარ ხიდაშელი

ევროკომისიის 9 დათქმა და ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ქმედებები პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ISFED-სა და IDFI-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს მზაობა, ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს.
მათი თქმით, ხელისუფლებაში პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.
“ყველანაირად ვცდილობდით, ეს იქნებოდა ადგილზე, მათთან ერთად მუშაობის პროცესში, მათ გარეშე მუშაობის პროცესში თუ საერთაშორისო დონეზე თუ ბრიუსელში, სადაც პირიქით, ძალიან აქტიურად ვლობირებდით იმ საკითხს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. ერთადერთი, ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტირებას ცდილობდა, ეს იყო “ქართული ოცნება”.
როგორც ჩანს, არ აქვთ სურვილი, იმიტომ, რომ სურვილი რომ იყოს, ჩვენ ჩვენი სურვილი გამოვხატეთ, თანმხვედრი უნდა იყოს ეს სურვილები და იქიდანაც უნდა მომდინარეობდეს პოლიტიკური ნება და სურვილი იმისა, რომ ჩავერთოთ,” – აცხადებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორის თამარ ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს მზაობა 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩართოს.
“საქართველომ ვერ შეძლო რეფორმების განხორციელება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი მისცა საქართველოს, სწორედ ქართველი ხალხის ამ სურვილისა და მისწრაფების გამო. ამ შემთხვევაში, ყველაფერი პირიქითაა – საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებისგან ვითხოვთ სამუშაო პროცესში ჩართვას იმიტომ, რომ მივიღოთ აქტიური მონაწილეობა ევროინტეგრაციის პროცესში.
ეს არ არის მხოლოდ ISFED-ისა და IDFI-ის განცხადება, ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას, ამ ეტაპზე, იმის გამო, რომ არ გამოგვცა სამუშაო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, არ აქვს მზაობა, რომ ჩართოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები”, – აცხადებს თამარ ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ