ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 აპრილს სარკინიგზო მიმართულებით რამდენიმე სიახლე დააანონსა.მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. ეს მატარებელი 2020 წლიდან არ მუშაობს.ასევე, რკინიგზას დაემატება თბილისი-ახალციხის რეისი, რომელიც 2009 წლიდან არ მუშაობდა.„რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, 6 საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი – ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას”, – განაცხადა კობახიძემ.მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, “ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა”.მისივე თქმით, 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- განაცხადა კობახიძემ.



