“ქარჩხაძე ცოცხალი რომ იყოს ალბათ ტერმინ დრამა ქუინსაც გამოიყენებდა” – თორნიკე შარაშენიძე

30
პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
ზოგადად ვერ ვახერხებ (და არც მაქვს ამის დრო და ხალისი) ქართული ფეისბუქის ორდღიან აქტუალურ თემებს გავყვე. მაგრამ რობიკოს “ვეფხისტყაოსანმა” ნამდვილად ჩამითრია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რეჟისორმა “კავკასიური ცარცის წრე” დადგა, მისი ფანი არასოდეს ვყოფილვარ. თემურ ჩხეიძე გაცილებით უფრო მომწონდა.
გუშინ ინტერესით ვუყურე ნაწყვეტებს ამ ახალი სპექტაკლიდან. გავბედავ და ვიტყვი, რომ ახალი არაფერია. უბრალოდ ზედმეტი პათეტიკურობა და დრამატულობა რომელიც მომენტებში ძალიან მყვირალა ხდება.
მაგრამ რაა ამაში ახალი? ზედმეტი პათეტიკურობა ყოველთვის იყო ქართული თეატრის თანმდევი ელემენტი (ცხადია, ყველა რეჟისორს არ ეხება). და არა მხოლოდ თეატრის. ქარჩხაძის “ქარავანში” ნათქვამია საქართველო ერთი დიდი თეატრის სცენააო. ახლა ქარჩხაძე ცოცხალი რომ იყოს ალბათ ტერმინ დრამა ქუინსაც გამოიყენებდა.
ბავშვობაში ვითრგუნებოდი როცა ვუსმენდი და ვუყურებდი ზოგიერთი ქართველი მსახიობი როგორ კითხულობდა ლექსებს. ზეაღმართული მუშტი, ბოლომდე აწეული ხმა და აწეული წარბები.
მოკლედ, ალბათ “ვეფხისტყაოსანმა” ვერ აიტანა ეს ყველაფერი. თორემ აქამდე სულ ჩვენთან იყო. იქნებ, აქედან მოყოლებული გაქრეს ეს სიყალბემდე მისული ზედმეტი პათეტიკურობა.