ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის და მთელ ყურადღებას მოითხოვს. სასიამოვნოა, ქართული დაპირისპირება ამ დონეზე რომ გვაქვს, მაგრამ გულშემატკივრობის თვალსაზრისით ცოტა უცნაური შეგრძნებაცაა.
სამშაბათი, 23:00 სთ
სპორტინგი (გიორგი ქოჩორაშვოლს არ უთამაშია) – არსენალი 0:1;
რეალი – ბაიერნი 1:2.
დღეს (23:00 სთ) “ბარსელონა” – “ატლეტიკო” კი გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი დაპირისპირება პარიზში ჩატარდება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულს” უმასპინძლებს.
თუკი გუნდების სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, პარიზელები ორმატჩიანი დაპირისპირების ფავორიტები არიან, მაგრამ ამ დონის დაპირისპირებებში წინასწარ ბევრს ვერაფერს ვიტყვით. თანაც, გვახსოვს გასული სეზონი, როცა საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
სანაკრებო პაუზამდე ლუის ენრიკეს გუნდი კარგ კონდიციებში იყო და ეს ახლაც გააგრძელა, ლივერპულელებს კი, როგორც ჩანს, ამან დიდი სარგებელი ვერ მოუტანა. სეზონში 15 წაგება მართლაც ძალიან ბევრია.
ფაქტია, პსჟ-მა ინგლისური კლუბების დამარცხების იოლ გზას მიაგნო და ვნახოთ, ამჯერად რა იქნება. გიორგი მამარდაშვილი ის მეკარეა, რომელსაც სასწაული რეაქციის გამოვლენა და გუნდის ნებისმიერ სიტუაციაში გადარჩენა შეუძლია(მისი ვიზავი საფონოვი ბოლო მატჩში მაგრად შეცდა). მეორე მხარეს საოცარ ფორმაში მყოფი შემტევებია, ერთმანეთზე ლამაზისა და ორიგინალურის მოფიქრება რომ შეუძლიათ. შესანიშნავად გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია, ვისაც საყვარელ მარცხენა ფლანგზე ვიხილავთ.
ფაბიან რუისმა მომჯობინება მაინც ვერ შეძლო, ბარკოლას არყოფნაზე კი მოგეხსენებათ; “ლივერპულის” მთავარი დანაკლისი მეკარე ალისონია.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: საფონოვი – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ზაირ-ემერი, ნევეში; დუე, დემბელე, კვარაცხელია;
ლივერპული: მამარდაშვილი – ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეში – გრავენბერხი, მაკ ალისტერი – სალაჰი, სობოსლაი, ვირტცი – ეკიტიკე.
მსაჯი: სანჩესი (ესპანეთი).