პარტიული წესდების ყველა პუნქტი უკვე შესრულებულია, ახალი პრემიერ-მინისტრის და მისი მთავრობის დამტკიცებას მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა სჭირდება. პროცესი დღეიდან იწყება – მომდევნო კვირის განრიგი კი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაიწერება.
პრემიერობის ახალი კანდიდატი სამთავრობო გეგმით პარლამენტში მომავალ კვირას მივა. სწორედ მომავალ კვირას იქნება საკომიტეტო განხილვები და პლენარული სხდომა, სადაც საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ მეთაურს და მის გუნდს დაამტკიცებს.
ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას მინიმუმ 76 ხმა სჭირდება. უმრავლესობას კი, საკანონმდებლო ორგანოში 84 დეპუტატი ჰყავს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილს თქმით, პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოუცხადებს.
“დღეს გაიმართება პარლამენტში ბიურო, სადაც შედგება საბოლოო გრაფიკი თუ როგორ მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსმენები კომიტეტებში, ოპოზიციისა და უმრავლესობის მხრიდან. შედგენილი გრაფიკის მიხედვით, მომავალი კვირის ორშაბათიდან დაიწყება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეხვედრა კომიტეტებთან და სამთავრობო პროგრამის წარდგენა. ბუნებრივია, იქ იქნებიან კაბინეტის წევრებიც წარმოდგენილები. იგეგმება, რომ ხუთშაბათისთვის უკვე მოხდეს პრემიერობის ახალი კანდიდატის დამტკიცება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.