ევროკავშირის ლიდერები 1 თებერვალს უკრაინისთვის €50-მილიარდიან დახმარების გამოყოფაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც უნგრეთი ინიციატივას თვეების განმავლობაში ბლოკავდა. 2023 წლის ბოლოს პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთისთვის შეჩერებული ფინანსური დახმარების ნაწილობრივი აღდგენა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერაში გაცვალა, თუმცა €50-მილიარდიანი პაკეტი, რომელიც ბლოკის 27-ვე წევრის მხარდაჭერას საჭიროებდა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა.
POLITICO-ს წყაროების თანახმად, უკრაინისთვის დახმარების მხარდაჭერაზე ორბანის დაყოლიება იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონისა და “ფრანგული სტუმართმოყვარეობის” შედეგია.
სამიტის მონაწილე ევროპელი ლიდერები ხაზს უსვამდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღება უკიდურეს შემთხვევაში უნგრეთის გარეშეც იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა ეს რუსეთისთვის ევროპული ერთიანობის სისუსტის ჩვენება იქნებოდა. ხოლო ახლა, როცა უკრაინისთვის აშშ-დან მომავალი დახმარებაც შეფერხებულია, ევროკავშირის ნაბიჯის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
წყაროების ცნობით, სწორედ ამ ფაქტორების გამო იტალიის პრემიერმინისტრმა ორბანთან მოლაპარაკებები და შეხვედრები თვეების წინ დაიწყო. პროცესში ჩართულები იყვნენ მინისტრები და დიპლომატიური წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდანაც. როგორც ჩანს, დელეგაციები ოთხშაბათის, 31 იანვრის ღამითაც კი მუშაობდნენ ორბანთან შეთანხმების მისაღწევად.
მიმდინარე კვირაში მელონიმ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა, ორბანთან ტელეფონით საუბრობდა და ხუთშაბათ დილას ერთი საათით შეხვდა ბრიუსელის მდიდრულ სასტუმრო Amigo-ში.
ცნობილია, მოლაპარაკებებში დიდი როლი შეასრულა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. ის ორბანს სამიტის წინა დღეს, 31 იანვარს შეხვდა, რაც, როგორც ჩანს, კვირებით ადრე დაწყებული ნაბიჯების გაგრძელება იყო. იანვრის დასაწყისში მაკრონმა ელისეს სასახლეში ორბანს ასევე სთხოვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების EU-ში ინტეგრაციაზე მისი ხედვის გაზიარებაც.
“მაკრონს არასდროს სურდა ორბანთან დაპირისპირება, პირიქით, სურდა ის წრის ნაწილი ყოფილიყო. ეს არის მიდგომა, რომელიც დღეს შედეგიანია”. – ანონიმურობის დაცვით ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი.
ბრიუსელში სამიტზე შეთანხმების პირობებს ყველა ლიდერი დაეთანხმა და როგორც ცნობილია, ის ასევე შეიცავს მცირე დათმობებს უნგრეთისთვისაც. ეს უკანასკნელი 2027 წლამდე გადასანაწილებელი დახმარების პაკეტის ყოველწლიურ გადახედვას და შესაბამისად, უნგრეთის ხელში სამომავლო ბერკეტის არსებობას მოიაზრებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მტკიცებით, უნგრეთს სხვა არანაირი სარგებელი არ მიუღია და EU დათმობაზე არ წასულა.
სამიტამდე დღეებით ადრე დასავლური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემთხვევაში ევროკავშირი უნგრეთის ეკონომიკას სტრატეგიულ დარტყმას მიაყენებდა.
ვრცლად გასულ თვეებში უნგრეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: ორბანის მუქარა უკრაინის EU-ში წინსვლაზე, შანტაჟის მიზნები და საქართველოსთან გადაბმული ბედი