არჩილ თალაკვაძე: „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობა არასდროს ყოფილა პრივილეგია, ის ყოველთვის იყო დიდი პასუხისმგებლობა

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენს გუნდში, „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობა არასდროს ყოფილა პრივილეგია, ის ყოველთვის იყო დიდი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენგანი ასე უყურებს ამ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ძალიან გულწრფელი, ლოგიკური, ღირსეული არგუმენტები დაასახელა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენს გუნდში, „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობა არასდროს ყოფილა პრივილეგია, ის ყოველთვის იყო დიდი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენგანი ასე უყურებს ამ საკითხს. მგონი, წლების განმავლობაში საზოგადოებაც დარწმუნდა, რომ თანამდებობა არ არის ამოსავალი წერტილი, იდეაფიქსი ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დაყო ამ თანამდებობაზე. მით უმეტეს, მეორედ იყო პრემიერ-მინისტრი. რაც მთავარია, „ქართულ ოცნებას“ მასთან ერთად, მისი ლიდერობით, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა სამი წლის განმავლობაში. ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ გაუკეთებია ჩვენს გუნდს, ხელისუფლებას, პირნათლად იცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს; ასევე არის ეკონომიკური ზრდა. სამი წლის განმავლობაში ხელშესახები ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ეს აღიარა მსოფლიო ბანკმაც, სავალუტო ფონდმაც, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა; ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება, რითაც, პრაქტიკულად, საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადავიდა. შესაბამისად, ეს არის მიღწევები, რომლებიც ნამდვილად აძლევს საშუალებას ჩვენს გუნდს და ირაკლი ღარიბაშვილს, დადებითად შეაფასოს თავისი საქმიანობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.