რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნამდვილი კულტურული აფეთქება მოხდა – რობერტ სტურუამ მაყურებელს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის საკუთარი ხედვა წარუდგინა. სპექტაკლი „ვეფხისტყაოსანი“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”) ქართული თეატრის ლეგენდის, სანდრო ახმეტელის 140-ე წლისთავს ეძღვნება.
სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული. დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის.

პრემიერას, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
“ეს შესანიშნავი სპექტაკლი ბატონი რობერტ სტურუას მრავალწლიანი შრომის შედეგია. მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ რეჟისორს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის თანამედროვე კონტექსტში მასშტაბურად გადააზრებისა და სათანადო დონეზე წარმოჩენისთვის. მადლობას ვუხდი შემოქმედებით გუნდს.
სასიხარულოა, რომ მომავალში “ვეფხისტყაოსნის” შემდეგი ნაწილის სასცენო ვერსიასაც ვიხილავთ”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

“თინათინი ტიტველი რატომაა?” – სოციალური ქსელი კრიტიკამ წალეკა
მიუხედავად ოფიციალური აღიარებისა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მაყურებლის ნაწილმა რეჟისორი „ზედმეტ ეროტიზმში“ დაადანაშაულა. განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა თინათინის (ქეთი სვანიძე) და ავთანდილის (ლევან ხურცია) სცენები.

კომენტარებში ვკითხულობთ:
„სირცხვილო, ქართველის მიერ ეს დადგმა არის მტრობა ხელოვნების, პოემის და რაც მთავარია სამშობლო – საქართველოსი.“
„თინათინი ტიტველი რატომაა? რა კოსტიუმები აცვიათ, რა მეტყველება…“
„უგემოვნობის და უნიჭობის ზეიმი. ყალბი, არასწორი ინტონაციით წაკითხული ტექსტები. თეატრმცოდნეები სად არიან?!“
„მოხუცდა ჩვენი დიდი მაესტრო… თუმცა იმის მერე, რამდენი სიხარულიც მოგვანიჭა რობიკო სტურუამ, არ ღირს გული ვატკინოთ.“

რობერტ სტურუას პასუხი: „ყველა დამპალი სტატიაა, შურით დაწერილი“
კრიტიკას თავად მაესტრომ უპასუხა. მსახიობ გიორგი გასვიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში რობერტ სტურუა თეატრმცოდნეებსა და კრიტიკოსებს მიმართავს:
“ჩვენს თეატრმცოდნეებს ავიწყდებათ, რომ ის, რასაც ისინი წერენ, ეს ლიტერატურის ნაწილია ხომ? – ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწილია. ერთი სტატია დამისახელე, სადაც შენ აღიქვამ როგორც ხელოვნებას, ყველა დამპალი სტატიაა, შურით, ბოღმით დაწერილი…“

ვინ მონაწილეობს სპექტაკლში?
სცენაზე მაყურებელმა იხილა როგორც გამოცდილი მსახიობები, ისე დებიუტანტები:
მონაწილეობენ: ბუკა თოლორდავა, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ქეთი სვანიძე (თინათინი), დავით უფლისაშვილი (როსტევანი), ლევან ხურცია (ავთანდილი), ლაშა ჯუხარაშვილი.

დებიუტანტები: კახი გაზდელიანი, გიორგი გელაშვილი, დავით გურგენაძე, ირაკლი კვერღელიძე, ზუკა პაპუაშვილი, გიორგი სანიკიძე და სხვები.




