ქართული სკოლის სასწავლო პროგრამიდან აგიოგრაფიის შემცირების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, ეხმიანება ქართული აგიოგრაფიის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი:
დიდი ხანია, ქართული სკოლა ტექტონკურ-ტურბულენტურ რყევებშია, გაუგებარი გზით მიდის და არა მგონია, ეს ის გზა იყოს, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს მომავალს. პრობლემა ბევრია, ამჯერად მხოლოდ რამდენიმეს შევეხები:
1.ტრენინგების ქვეყნად ვიქეცით და ამ სრულიად გაუგებარ მოცემულობაში შესაძლებელია, მაგალითად, ისტორიკოსმა გადამზადება გაიაროს, „გატრენინგდეს“, მასწავლებელთა გამოცდაზე ბარიერიც გადალახოს და ფიზიკის მასწავლებლად მოგვევლინოს. ასეთ აბსურდში, საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საუნივერსიტეტო განათლების ლეგიტიმაცია;
2.მეორე დიდ უბედურება ისიცაა, რომ სკოლას გეზი და ორიენტაცია აღებული აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და, რასაც იქ ითხოვენ, ის მიაჩნია პრიორიტეტად. ამის გამოა, რომ დამამათვარებელ კლასებში, ფაქტობრივად, ჩაშლილია საგანმანათლებლო პროცესი – ეს სამწუხარო რეალობაა და თავს ნურავინ მოიტყუებს;
3.რადგან ე.წ. მისაღებ გამოცდებზე ქრესტომათიული ცოდნა არ მოწმდება, სკოლებმა დიდი ხანია უარი თქვეს ლექსის დაზეპირებაზე, მის მხატვრულ ფენომენზე. თაობა ისე ამთავრებს სკოლას, რომ უმრავლესობამ 12 წლის განმავლობაში ნასწავლი ერთი ლექსიც კი არ იცის ზეპირად და მერე გვიკვირს, რატომაა გაღარიბებული მათი ლექსიკა და რის გამოა კატასტროფის ზღვარზე ზეპირმეტყველების კულტურა (აღარაფერს ვამბობ წერით მეტყველებაზე), ემოციისა და აზრის გამოხატვა „ძაან მაგარს“ რომ ვერ სცდება. როცა ლოგოსს უტევ, ამით ებრძვი სულსა და გონს. დაცარიელებული სული კი კომპიუტერითა და მობილურთ ვერ შეივსება!
4.რაც შეეხება ქართულ აგიოგრაფიას – ის დიდი ხანია მარგინალურ პოზიციებზე გადაისროლეს და ზედმეტ ბარგად მიიჩნიეს (ჯერ კიდევ როდის თქვა თავად მკვდრად შობილმა ერთმა „ეროვნული ცნობიერების მქონე მინისტრმა“, მკვდარი ტექსტიაო). თავი დაანებეთ ეროვნულ-ქრისტიანულთან უშედეგო ბრძოლას, მორჩით ღმერთთან და ეკლესიასთან დაპირისპირებას, ნეობოლშევიკურ ინტენციებს. საფუძველი ქართველი ადამიანის აზროვნებისა, მისი ლიტერატურისა და კულტურისა ქრისტიანულია. ძალიან რომ მოინდომოთ, ქრისტიანობამდელ ვერც ანბანს იპოვით და ვერც ქართულ ენაზე მოღწეულ რამე ტექსტს. ეკლესაიმ შემოგვინახა დამწერლობაც და კულტურაც. რწმენა უნათებდა ქართველ კაცს გზას და ის აძლევდა ძალას ისტორიული განსაცდელის ჟამს. აგიოგრაფია სულის ხსნის ხელოვნებაა, ჭეშმარიტების ძიების, მშვენიერისა და ამაღლებულის საფუძველია. აგიოგრაფია ასწავლის მომავალ თაობას სიყვარულსა და ერთგულებას, ცოცხალ და კონკრეტულ მაგალითს აძლევს სამშობლოსა და მოყვასის მსახურებისას. აგიოგრაფია იმასაც გვეუბნება, რომ სიყვარული ნიშნავს თავგანწირვას. ამიტომაც ეწამნენ ასე უდრეკად და შეურყევლად ქრისტეს სიყვარულისთვის აგიოგრაფიის გმირები. არ ვასწავლოთ კი არა, კარგად ვასწავლოთ, მეტი დრო დავუთმოთ, მეტი ფიქრისა და განსჯის შესაძლებლობა მივცეთ. რაც მთავარია, ისეთ ასაკში დავიწყოთ აგიოგრაფიის სწავლება, რომ უკეთ გაიგოს და გააცნობიეროს ახალგაზრდამ, რას სწავლობს და რატომ სწავლობს. როგორ სწავლებაზე კი სისტემამ უნდა იფიქროს.
5.თუ ასეთი ლოგიკით ვივლით, მალე „ვეფხისტყაოსანსაც“ ზედმეტად მივიჩნევთ, რთულად სასწავლად შევრაცხავთ ან რაღაც ახლებურ მიზეზს მოვიგონებთ (როგორც ბოლშევიკები ებრძოდნენ ბურჟუაზიასა და ბურჟუაზიულ ხელოვნებას).
შეჩერდით! თავი დაანებეთ ექსპერიმენტებს სკოლაში და მიეცით მომავალს თავისუფალი აზროვნებისა და სულიერ ფასეულობათა ერთულების საშუალება და შესაძლებლობა!!!