5 აპრილს სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა [ინსტაგრამზე], რომ სერბეთის ტერიტორიაზე გაზსადენთან ახლოს, რომლითაც უნგრეთს სერბეთის გავლით რუსული გაზი მიეწოდება, ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები აღმოაჩინეს. უნგრეთის პრეზიდენტმა ორბანმა ეს საბოტაჟის მცდელობად შეაფასა და ფაქტობრივად უკრაინას დასდო ბრალი.„უკრაინა წლებია ცდილობს, რომ ევროპის ენერგეტიკა რუსულ წყაროს მოწყვიტოს“, — განაცხადა ორბანმა, თუმცა აღარ გაუგრძელებია და პირდაპირ ხელი აღარ დაუდია არც უკრაინისთვის და არც რომელიმე სხვა აქტორისთვის.უკრაინამ უარყო ყველანაირი კავშირი მილსადენთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებასთან.„უკრაინას არაფერი აქვს ამასთან საერთო. მაღალი ალბათობით, ეს უფრო რუსული ოპერაციაა, როგორც უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის შემადგენელი ნაწილი“, — განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.დღეს ამ თემას კრემლიდანაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, გაზსადენის აფეთქებისთვის „კიევის რეჟიმი“ ემზადებოდა.განცხადება გააკეთა სერბეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა და განაცხადა, რომ საბოტაჟში უკრაინის ხელი არ ურევია.„არ არის მართალი, რომ უკრაინამ დაგეგმა საბოტაჟი“, — განაცხადა დაზვერვის შეფმა, — „ვინც ასაფეთქებელ მოწყობილობებს აწარმოებს, არ ნიშნავს, რომ ასევე გეგმავს ან აღასრულებს აფეთქებას. ასაფეთქებლებზე დატანილი ნიშნები მიუთითებს, რომ ისინი შეერთებულ შტატებშია წარმოებული“.უნგრეთიცა და სერბეთიც რუსულ გაზზე არიან დამოკიდებული. გასულ კვირებში ორბანმა უკრაინა იმაშიც დაადანაშაულა, რომ თითქოს, მიზანმიმართულად აჭიანურებდნენ დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებას ნავთობის მილსადენზე, რაც უკრაინის ტერიტორიაზეა, რაც აფერხებდა ნავთობის მიწოდებას უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის.უნგრეთის ოპოზიცია ორბანის ამ განცხადებებს და უკრაინისკენ მიმართულ მინიშნებებს მოახლოებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო პროპაგანდას უკავშირებს. ორბანს ოპონენტები ცრუ პანიკის დათესვაში სდებენ ბრალს მხარდაჭერის გასაზრდელად.



