ორი დელეგაცია ბერლინალეზე, რომელთაგან ერთი სახელმწიფოს მხრიდან, მეორე კი ხაზარაძის ოჯახის ფონდიდან ფინანსდება

ორი დელეგაცია ბერლინის კინოფესტივალზე, რომელთაგან ერთი სახელმწიფოს მხრიდან, მეორე კი მამუკა ხაზარაძის ოჯახის ფონდიდან ფინანსდება – მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური პროვოკაციის ელფერს ატარებს. საუბარია კინოცენტრიდან გამოშვებული ხელოვანებით დაკომპლექტებულ ჯგუფზე, რომელიც ბერლინალეს კინობაზრობაზე ალტერნატიული სტენდით იქნება წარმოდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ “ლელოს” ლიდერის ფინანსები ფესტივალზე ცენტრის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
ერთი ქვეყნიდან 2 სტენდი ბერლინალეზე, კითხვებს აჩენს კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსისთვის. ბაჩო ოდიშარიამ, რომელიც თავად ეროვნული კინოცენტრის დელეგაციის წევრია, დღეს განმარტა, რომ მასთან ერთად გერმანიაში 23 რეჟისორი და კინოს სპეციალისტი გაემგზავრება. ოდიშარიას აზრით, კრიტიკა ჯგუფში შემავალ 4 ჟურნალისტზე, ოპონენტების მხრიდან თემის სპეკულაციურ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობაა.
ბერლინალეზე გამგზავრებისთვის საჭირო თანხის ნაწილი რომ ხაზარაძეების ოჯახის ფონდმა დააფინანსა, არ უარყოფენ არც კინოინსტიტუტში. კინოცენტრიდან გათავისუფლებული ხელოვანები, რომლებიც კულტურის სამინისტროს კრიტიკით ხშირად გამოირჩევიან, ამბობენ, რომ პარტიის ლიდერისგან თანხა პოლიტიკური მიზნით არ მიუღიათ და დაფინანსებას ერთჯერადი სახე აქვს.
ხაზარაძის პარტიაში დღეს ირწმუნებოდნენ, რომ ყოფილი ბანკირი, კინოს წარმომადგენლებისთვის უანგარო ქველმოქმედებას ეწევა, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი, საბიუჯეტო დაფინანსების მქონე კინოცენტრის დელეგაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
ხაზარაძის ქველმოქმედების არ სჯერათ “ქართულ ოცნებაში”. მმართველი პარტიის ლიდერები ბერლინალეზე, ქართული კინოს მომავლის დასაზიანებლად, გარკვეულ პროვოკაციას არ გამორიცხავენ. ამბობენ, რომ “ლელო” რადიკალურ ძალად გადაიქცა, თუმცა პარტია ამოცანებს ვერ ასრულებს.
ბერლინის 74-ე კინოფესტივალი თებერვლის ბოლოს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში გამართულ კინობაზრობაზე საქართველო ორი სტენდით იქნება წარმოდგენილი.