ბრიუსელმა უკრაინის საკითხში უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლია

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ახალი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის (54 მილიარდი დოლარი) მხარდაჭერის პაკეტის შესახებ. ბრიუსელმა შეძლო დაეძლია უნგრეთის ვეტო და რუსეთთან ომით განადგურებული ქვეყნის ეკონომიკისთვის მასშტაბურ ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმება.
შეთანხმების შესახებ განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 1 თებერვალს, ბრიუსელში, სამიტის დაწყებიდან მალევე გააკეთა. “ჩვენ შევთანხმდით”, – თქვა მიშელმა სოციალურ ქსელ X-ზე, რომელიც ადრე “ტვიტერის” სახელით იყო ცნობილი. მისი თქმით, უკრაინისთვის “მტკიცე, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი” დაფინანსების დამტკიცებით, „ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის საქმეში, საკუთარ თავზე იღებს ლიდერობას და პასუხისმგებლობას. ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე”.- განაცხადა შარლ მიშელმა.
უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა აღნიშნულ ნაბიჯს, როგორც “ძალიან მნიშვნელოვან” გადაწყვეტილებას. ს შეეძლება პირველი ტრანში მარტის დასაწყისშივე მიიღოს, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტი შეთანხმებას საბოლოოდ დაამტკიცებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მტკიცე წინააღმდეგობით გასული წლის დეკემბერშივე დაბლოკა ფინანსური პაკეტი. ის ბრიუსელში გამართული სამიტის წინა დღეებშიც იგივეს გაკეთებით იმუქრებოდა, თუმცა ევროპის კავშირმა მისი ვეტოს დაძლევა შეძლო.
ახალი ფინანსური პაკეტი დახმარებას მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე ითვალისწინებს. უკრაინის მხარდაჭერის აღნიშნული ტრანში კიევს 2027 წლამდე დაეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ