ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთბრუნვა მკვეთრად გაიზარდა. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, 2023 წლის 10 თვეში 0.5 მილიონზე მეტი 20-ფუტიანი კონტეინერი გადამუშავდა. უფრო კონკრეტულად, იანვარ-ოქტომბერში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ჯამში 509 831 ერთეული კონტეინერი გადაამუშავა, რაც 77%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
წელს ფოთის ნავსადგურში 284 საკონტეინერო გემის მიღება მოხდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში 173 გემი იყო შემოსული. რაც შეეხება გადამუშავებულ ავტომობილებს, პორტი 69 ათასზე მეტ ავტომობილს მოემსახურა.
„ეიპიემ ტერმინალსის ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე აქცენტი საკონტეინერო ტვირთების მომსახურებაზე კეთდება, რაც თანხვედრაშია მათი უსაფრთხოების პოლიტიკასთან, სწორედ ამ მიზეზით პორტში გენერალური ნაყარი ტვირთის მოცულობა შემცირებულია – 10 თვეში 282 886 ტონა ნაყარი ტვირთი გადამუშავდა, კლება 51%-ია.
„საკონტეინერო ტვირთის მატება ჩვენი დერეფნისთვის საკმაოდ კარგ სიგნალს წარმოადგენს. მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კონტეინერიზაციის პროპაგანდა. ჩვენ გვინდა, რომ კონტეინერის გადაზიდვებს შევუწყოთ ხელი, ეს არის ეკოლოგიურად უფრო სუფთა, არის შესაძლებლობა რომ ამ მიმართულებით განვითარდეს სარკინიგზო ხაზები და ჩვენ ცენტრალური აზია ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოსთან დავაკავშიროთ საკონტეინერო გადაზიდვებით“, – განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას “ეიპიემ ტერმინალს ფოთიs” კომერციული ურთიერთობის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ნაყარი ტვირთის გადაზიდვაც კონტეინერებით მოხდეს. ფოთის პორტმა უკვე დანერგა ე.წ როტეინერის პრინციპი, რაც ითვალისწინებს ნაყარი ტვირთს გემში ჩატვირთვას ღია კონტეინერით. ამასთან, აზერბაიჯანული მხარის ჩართულობით მუშავდება პროექტი ახალი ტიპის კონტეინერების შეძენაზე, რომ ნაყარი ტვირთის მიწოდებაც საკონტეინერო გზით მოხდეს.