„თქვენ ადასტურებთ, რომ დაახლოებით 2 საათი ქალბატონი მზია ოთახში იმყოფებოდა ხელზე ბორკილდადებული?“ – ჰკითხა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, კახა წერეთელმა მოწმე გამომძიებელს, რომელიც გისოსებს მიღმა მყოფი მზია ამაღლობელის პირისპირ იდგა.
„დიახ, იმყოფებოდა,“ – ნიშნის მოგებასავით გამოუვიდა პასუხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელ თამარ კერესელიძეს.
მართალია, 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი სხვა პირმა დააკავა, თუმცა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები სწორედ გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ შეადგინა.
მზია ამაღლობელის საქმის სხდომაზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 31 მარტს გაიმართა, შსს-ს გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ დაადასტურა, რომ დაკავებული მზია ამაღლობელი მას წინააღმდეგობას არ უწევდა, თუმცა მას ბორკილები მაინც დაადო.
მზია ამაღლობელის მიმართ დაკავების შემდეგ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა მოხვდა სახალხო დამცველის ახალ ანგარიშშიც: „ქალი დაკავებული მიუთითებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და პოლიციის უფროსის მხრიდან შეფურთხებაზე“. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მზია ამაღლობელს მანამდე შეხვდა, ვიდრე იქ სამსაათიანი ლოდინის შემდეგ ადვოკატებს შეუშვებდნენ.
მზია ამაღლობელის თქმით, პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მას არ აძლევდნენ წყლის დალევის უფლებას და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. ეს შემთხვევა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გამოუძიებია.
31 მარტს გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ მოსამართლეს ვერ უთხრა, რომელი სამართლებრივი ნორმით იმოქმედა, როცა მზია ამაღლობელი მინიმუმ 2 საათი ბორკილდადებული დატოვა. ოთახი, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მესამე სართულზეა და ამ ოთახში გამომძიებლის გარდა იყო მართლწესრიგის კიდევ ორი ოფიცერი.
თამარ კერესელიძეს, ვისთვისაც კანონის დაცვა უპირველესი ვალდებულება უნდა იყოს, მოსამართლისთვის არ მორიდებია იმის თქმა, რომ ის ასეთ შემთხვევაში „პრაქტიკას“ მიჰყვება.
„გაგეცინებათ და ისევ პრაქტიკას მივმართავ… ეს რისკები მე შევაფასე ისე, რომ მისთვის ხელბორკილი უნდა გამეკეთებინა,“ – გაღიზიანება დაეტყო ადვოკატების შეკითხვების შემდეგ გამომძიებელს. ადვოკატმა მას ჰკითხა, კონკრეტულად რა სამართლებრივი დასაბუთებით მიიღო მზია ამაღლობელისთვის ხელბორკილის დადების გადაწყვეტილება.
„აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მოქმედებს კანონით, თუ პრაქტიკით?“ – ჰკითხა მას ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
„ვინ მოგცათ ჩემი ჩხრეკის და ხელბორკილის დადების ბრძანება?“ – გისოსებიდან ჰკითხა მოწმე გამომძიებელს მზია ამაღლობელმა.
„ბრძანება ხელბორკილებთან დაკავშირებით არ ხდება და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. პოლიცია თავისი დისკრეციიდან გამომდინარე იყენებს ამ შესაძლებლობას… ბადრაგის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაგიკეთათ ხელბორკილი“ – თქვა გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ.
„მე რამე წინააღმდეგობა გაგიწიეთ?“ – ჩაეკითხა მოწმეს მზია ამაღლობელი.
„არა, არანაირ წინააღმდეგობაზე საუბარი არ იყო. მაშინაც განგიმარტეთ, რომ ეს არის პოლიციის სპეციალური საშუალება“, – მიმართა ბრალდებულს თამარ კერესელიძემ.
„ხელბორკილი წინ დამადეთ, თუ უკან?“ – ისევ მიბრუნდა გამომძიებელს ბრალდებული.
„უკან,“ – თქვა მოწმემ.
„ხომ იცით, რომ ტყუით?“ – ბრალდებული გამომძიებელს უყურებდა ისევ.
„არ ვტყუი, ყველა საჭირო შემთხვევაში თქვენ ხელბორკილი მოგხსნეს ხელის მოსაწერად, საპირფარეშოში გასვლის დროს, ან წყლის დალევის დროს,“ – განმარტა მოწმემ.




