ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:
სრებრენიცა: გენოციდი რუსული სამყაროს ჩრდილქვეშ
1995 წლის ივლისში, გენერალ რატკო მლადიჩის ბრძანებით, ბოსნიელმა სერბებმა სრებრენიცაში 8,000-ზე მეტი მუსლიმი მამაკაცი და მოზარდი დახვრიტეს.
ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე საზარელი სასაკლაო.
რატკო მლადიჩმა და მისმა ქვედანაყოფებმა („დრინის კორპუსი“) სრებრენიცაში განახორციელეს ოპერაცია, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:
მლადიჩი თავად შევიდა ქალაქში, ბავშვებს შოკოლადებს ურიგებდა და კამერების წინ აცხადებდა, რომ მოსახლეობას არაფერი დაემუქრებოდა. ეს იყო კლასიკური ნიღაბი რეალური განზრახვის დასამალად.
გაეროს ჰოლანდიელი „ცისფერჩაფხუტიანების“ თვალწინ, სერბებმა მოახდინეს მამაკაცებისა და ბიჭების (12-დან 77 წლამდე) გამოყოფა ქალებისა და მოხუცებისგან.
8372 ადამიანი ავტობუსებით გადაიყვანეს წინასწარ მომზადებულ ადგილებში (სკოლის ეზოები, საწყობები, მინდვრები) და დახვრიტეს.
დახოცილებს მასობრივ საფლავებში ყრიდნენ, თუმცა მოგვიანებით, დანაშაულის დასამალად, ბულდოზერებით ამოჰქონდათ გვამები და სხვა, „მეორად“ საფლავებში გადაჰქონდათ, რათა მოკლულთა იდენტიფიკაცია შეუძლებელი ყოფილიყო.
მლადიჩი არ იყო უბრალოდ გენერალი, ის იყო იმ იდეოლოგიის აღმასრულებელი, რომელსაც „დიდი სერბეთი“ ერქვა. თუმცა, მისი სისასტიკე შეუძლებელი იქნებოდა იმ ზურგის გარეშე, რომელსაც მას რუსეთის ფედერაცია უმაგრებდა.
მლადიჩი იყენებდა ეთნიკური წმენდის ნაცად და რუსული სპეცსამსახურების მიერ არაერთგზის აპრობირებულ მეთოდს — მოსახლეობის დაშინებას, წამებას და მასობრივ დახვრეტებს, რათა ტერიტორია სრულად გაეთავისუფლებინა „არასასურველი“ ელემენტებისგან.
მოსკოვი მლადიჩსა და რადოვან კარაჯიჩს (ბოსნიელ სერბთა ლიდერს) რამდენიმე დონეზე მფარველობდა. კერძოდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივად ბლოკავდა ან აფერხებდა სერბების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას. წლების შემდეგაც კი, 2015 წელს, რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელიც სრებრენიცის მოვლენებს გენოციდად აფასებდა.
სერბების მხარეს ასობით რუსი მოხალისე და დაქირავებული მებრძოლი იბრძოდა. მათ შორის იყვნენ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც მლადიჩს ტაქტიკურ დაზვერვასა და ოპერაციების დაგეგმვაში ეხმარებოდნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა, იგორ გირკინმა (სტრელკოვმა) 2014 წელს დონბასში ომი გააჩაღა.
მიუხედავად ემბარგოსი, სერბული არმია რუსული წარმოების იარაღითა და საწვავით აქტიურად მარაგდებოდა, რაც მათ საშუალებას აძლევდა, სამხედრო უპირატესობა შეენარჩუნებინათ.
რატომ სჭირდებოდა კრემლს მლადიჩი?
მოსკოვისთვის ბალკანეთი ყოველთვის იყო იოლად მოწყვლადი სივრცე ევროპაში, სადაც მათ დასავლეთთან დაპირისპირება შეეძლოთ. მლადიჩი იყო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უშლიდა ბალკანეთის ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში. ის ბალკანეთში ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებდა, რასაც დღეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და “ქართულ ოცნებად” წოდებული მისი მწამებელი ბანდფორმირება ასრულებენ.
“სლავური ერთობა“ და „მართლმადიდებლური ძმობა“ მხოლოდ პროპაგანდისტული ნიღაბი იყო რეალური გეოპოლიტიკური მიზნებისთვის — რეგიონში “მართვადი ქაოსის” შენარჩუნებისთვის.
2017 წელს ჰააგის ტრიბუნალმა რატკო მლადიჩს უვადო პატიმრობა მიუსაჯა გენოციდის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ მლადიჩი პირადად გასცემდა ბრძანებებს ადამიანების განადგურების შესახებ.
რუსეთი ბოლომდე ცდილობდა მის დაცვას, თუმცა ამაოდ.
სრებრენიცის სასაკლაო არის იმავე სისტემური ბოროტების შედეგი, რასაც დღეს ბუჩაში, ირპენსა თუ მარიუპოლში ვხედავთ.
რუსული მეთოდები არ იცვლება: ესაა მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება, მასობრივი სისლისღვრა და შემდეგ პროპაგანდის მიერ ამ ყველაფრის უარყოფა „ფეიკის“ ან „პროვოკაციის“ სახელით.
მლადიჩი იყო იმ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც მოსკოვმა ევროპის გულში დაამზადა. მისი დასასრული ციხეში არის გაფრთხილება ყველა სხვა ყასბისთვის, ვისაც ჰგონია, რომ იმპერიის მფარველობა მათ სამუდამო დაუსჯელობას გარანტირებულს ხდის.




