დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდა. პროდუქციის მიღება-ჩაბარება, ბენეფიციართა აღრიცხვა და სხვა სწორედ კონტარქტორ კომპანიას ევალება. ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეულნი, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა – დააკავებდნენ მათ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს…
… მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. 30 000-მდე თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიაში. თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. უწყებებს აქვთ შესაბამისი მიმართულება. ყველა ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს.
ამბობს ივანიშვილის მერი, კახა კალაძე.
2 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააკავა – სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი. გამოძიების ცნობით, შპს ალადაშვილი, შპს გიდი, შპს ბადე და შპს ალიონი 2024, 2025, 2026 წლებში ყოველდღიურად 4 უფასო სასადილოს 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.
“კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებულ 18 009 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
