შეიძლება, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა — კალაძე უფასო სასადილოებში კორუფციაზე

„დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა“, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ის პასუხისმგებლობას იხსნის მერიის დაქვემდებარებულ უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ კორუფციაზე.

„დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სისტემატურად ახორციელებენ სანიტარულ მიმართულებაზე შეფასებას, დათვალიერებას. რაც შეეხება თვითონ პროდუქციის მიღება-ჩაბარებას, ბენეფიციართა აღრიცხვას, კონტროლს, ეს ყველაფერი ევალება კონტრაქტორ კომპანიას. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ შემჩნეული დანაშაულში, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება“, — განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, თავად რაზე აგებს პასუხს, თქვა, რომ საკუთარ თავზე.

„30 000-მდე თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიაში. თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. უწყებებს აქვთ შესაბამისი მიმართულება. ყველა ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

სუს-ის თანახმად, თბილისის მუნიციპალური სასადილოებიდან ფულს იპარავდნენ. დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია ხუთი პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „ალადაშვილი და კომპანიასა“ და ქალაქ თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა ჯამში 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით 26 513 573 ლარი.

შპს „ალადაშვილი და კომპანიის“ დირექტორმა, 22 სასადილოდან 4, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს – შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

გამოძიებით დგინდება, რომ შპს „ალადაშვილი და კომპანიის“ დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში – 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს“, — განაცხადა სუს-მა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მერიას დაქვემდებარებულ უწყებებში კორუფცია გამოვლინდა.

კალაძემ მაშინაც მოიხსნა პასუხისმგებლობა, როდესაც თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორი კახა გვანცელაძე და მისი თანამშრომლები დააკავეს საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამი და ე.წ. „ატკატების“ მიღების ბრალდებით დააკავეს.

„კი, [ბაღების] სააგენტო ჩვენს დაქვემდებარებაშია, კახა გვანცელაძე ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშნულია და ასე ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული. მე გახლავართ დედაქალაქის მერი, 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს უწყებაში. როგორ ფიქრობთ, ყველას გადაცდომაზე მე ვარ პასუხისმგებელი? მე რომ საქმის კურსში ვყოფილიყავი, რეაგირება მოჰყვებოდა. არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, მათ შორის მთავრობის სხდომებზე მაქვს გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე“, — განაცხადა კალაძემ.