მიტროპოლიტ ვახტანგის თქმით, შესაძლოა, სინოდმა საპატრიარქო კანდიდატის ასაკზე იმსჯელოს

ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი აცხადებს, რომ 3 აპრილს სინოდი მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ჩანაწერების დასაკონკრეტებლად შეიკრიბება.როგორც მიტროპოლიტი „ტვ პირველთან“ ამბობს, შესაძლოა, სინოდმა განიხილოს მართვა-გამგეობის დებულების იმ ჩანაწერებზე იმსჯელოს, რომელიც საპატრიარქო კანდიდატის ასაკს ეხება.ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს მღვდელმთავარი, რომელიც ასაკით არის არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა.„საპროცედურო საკითხები განიხილება. კანდიდატების წარდგენა და რაღაც ასეთი არ იქნება. კონკრეტიზაცია იქნება, რომ ხალხში არ იყოს რაღაც სხვა ხედვები და გაორებები, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ასე კანონი და თუ ამ კანონს დავარღვევთ, მაშინ ეს ისე არ მიიღება. ჩვენი მართვა-გამგეობის დებულება არის კანონები, რომელიც ბოლომდე არ არის მიყვანილი, კონკრეტიზაცია არ არის ამ კანონში. ეს რომ მოხდეს, ამიტომ იკრიბება სინოდი. ყველა წევრი არ იქნება, შეიძლება მეც არ ვიყო.შეიძლება იყოს [დაკონკრეტება რა იგულისხმება ჩანაწერში, რომ საპატრიარქო კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა], რატომაც არა. განათლების საკითხის კონკრეტიზაცია უკვე არსებობს. თეოლოგიური განათლება უნდა ჰქონდეს საპატრიარქო კანდიდატს. იგულისხმება ადგილობრივი განათლება, რაც უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა, კარგად. შესაძლოა, რაღაცა მონასტერშიდაც ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ ეს არ იქნება სრულყოფილი, ანუ მარტო პირჯვრის წერა დღეს არ არის საკმარისი, რომ იაზროვნო საღვთისმეტყველო შემეცნებით. ახლა ისეთი დროა, რომ რატომ არ უნდა იცოდეს ადამიანმა, დავუშვათ, მარტინ ჰაიდეგერის შრომები „დრო და ყოფიერება“ – ეგზისტენციალიზმი, პირდაპირ ვთქვათ. სასულიერო პირი შემკობილი უნდა იყოს თავისი ღირსებით, განათლებით, ჯვრებით, ხედვით. ნუ ახლა უნივერსალი ვერავინ იქნება, ლეონარდო არავინ არის, მაგრამ სასურველია, რომ საპატრიარქო კანდიდატი წარმოსაჩენი იყოს ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ვახტანგ ახვლედიანმა.