ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
01 აპრ 202621:06
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას 97 მომხრე და მხოლოდ 12 წინაააღმდეგი ჰყავდა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კონგრესმა დღეს გამოხატა შეშფოთება საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით – ქვეყანაში, რომელიც ევროპის საბჭოს დიდი ხნის და მნიშვნელოვანი წევრია.
კონგრესის შეფასებით, საქართველოში დემოკრატია საფრთხის წინაშეა, სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის, მაღალი პოლარიზაციის, ადგილობრივ ხელისუფლებებზე ერთპარტიული კონტროლის და წარსული რეკომენდაციების შეუსრულებლობის ფონზე.
2025 წლის 24-25 სექტემბერს საქართველოში კონგრესის ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის განხილვისას, რომელიც წარადგინა სტიუარტ დიქსონმა, კონგრესმა აღნიშნა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი ხასიათდებოდა პოლიტიკური დიალოგისა და კონკურენციის ნაკლებობით, ფართომასშტაბიანი ბოიკოტებით, საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი და პრობლემური ცვლილებებით, ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობით და ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კანდიდატების აკრძალვის, დაშინებისა და დაპატიმრების მცდელობებით.
კონგრესმა ასევე გამოხატა წუხილი, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირები – განსაკუთრებით ახალგაზრდობა, სამოქალაქო საზოგადოება და მედია – სულ უფრო მეტად განიცდიან დაშინებას, დაკავებებსა და სისხლის სამართლის დევნას, რაც ზღუდავს ძირითად თავისუფლებებს. ამასთან, ათწლეულების განმავლობაში პირველად, 2025 წლის ადგილობრივი ჩატარდა სანდო საერთაშორისო და შიდა სადამკვირვებლო მისიების გარეშე, მათ შორის კონგრესის ჩათვლით, ხოლო დამკვირვებლების უფლებები შეზღუდული იყო.
თავის რეზოლუციასა და რეკომენდაციებში კონგრესმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო დიალოგის ხელშეწყობა და 2025 წლის საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენა, რის შედეგადაც არჩევნები ნახევარ მუნიციპალიტეტებში ერთპარტიულ შეჯიბრებად იქცა, ხოლო დანარჩენებში არსებობდა ოპოზიციური კანდიდატებზე ზეწოლის ბრალდებები. ამავე დროს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებებმა და სისხლის სამართლის საქმეებმა, კიდევ უფრო შეამცირა პოლიტიკური პლურალიზმი.
კონგრესის შეფასებით, ამ პრობლემების ერთობლივმა ზემოქმედებამ ვერ უზრუნველყო ინკლუზიური, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო დემოკრატიული პირობები და საქართველო კიდევ უფრო დააშორა მის ევროპულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას.
კონგრესის წევრებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაახლოს პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე, ინკლუზიური პროცესის გზით, რომელიც ყველა მხარეს ჩართავს, პოლარიზაციის შესამცირებლად და პლურალისტური დემოკრატიისთვის აუცილებელი ბალანსის აღსადგენად.
ქართული ოცნების ხელისუფლებას ასევე მოუწოდეს:
შეწყვიტოს ოპოზიციური ხმების კრიმინალიზაცია და გააუქმოს ცვლილებები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ამარტივებს;
შეასრულოს კონგრესის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის დასკვნები;
აღადგინოს რეალური ადგილობრივი დემოკრატია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესაბამისად;
გააუქმოს საარჩევნო კოდექსის ის ცვლილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს და ზღუდავს საარჩევნო დაკვირვებას, აგრეთვე ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს.
კონგრესმა ასევე დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის მისიის ორგანიზების გზით.