“ჩვენი თაობა იღებს პასუხისმგებლობას გააგრძელოს ქართული სახელმწიფოებრიობის გზა” – ასე ეხმაურებიან ახალგაზრდული ორგანიზაციები დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 35 წლისთავს. გარდა ამისა, ისინი მადლიერებას გამოხატავენ იმ თაობის მიმართ, რომელმაც 1991 წლის 31 მარტს მხარი დაუჭირეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.ახალგაზრდული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევანი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ 35 წლის წინ გააკეთა, ყველაზე უკეთ დაცული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება “ევროპული ოჯახის” – ევროკავშირის წევრი.“ამ არჩევანს [დამოუკიდებლობას] წინ უძღოდა სამოცდაათ წლიანი საბჭოთა ოკუპაცია, თავისუფლებისათვის უწყვეტი ბრძოლა და 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედია. თავგანწირვა, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ქართველი ხალხის ურყევი მისწრაფება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ. 31 მარტის რეფერენდუმზე ქართველი ერის მიერ ერთხმად დაფიქსირებული არჩევანი გახდა ის მტკიცე სამართლებრივი საფუძველი, რამაც 1991 წლის 9 აპრილს შესაძლებელი გახადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.დღეს, გულითადად ვულოცავთ რეფერენდუმის დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მშობელთა თაობის მიმართ. იმ გამბედაობის, რწმენისა და პასუხისმგებლობისათვის, რომლის წყალობითაც, ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადების შესაძლებლობა გვხვდა წილად. მათ მიერ ბიულეტენის ფურცელზე შემოხაზული „დიახ“ იყო და არის მკაფიო გზავნილი მომავალი თაობებისთვის.სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ მიღწევა. მეტიც, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს დაცვას, გაძლიერებასა და ყოველდღიურ ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას შეგონება-“მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც!”დღეს ჩვენი თაობა იღებს პასუხისმგებლობას გააგრძელოს ქართული სახელმწიფოებრიობის გზა. ყოველი ჩვენი შეხვედრა ევროპელ ელჩებთან, ყოველი დიალოგი, ყოველი ნაბიჯი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის ჩვენი მტკიცე, გააზრებული და ყოველდღიურად განმეორებადი „დიახ“-ი იმ ისტორიულ კითხვაზე, რომელიც 35 წლის წინ დაისვა. ეს არის მყარი თანხმობა, რომელიც ცოცხლობს ჩვენს მოქმედებებში, არჩევანსა და მომავლის ხედვაში.გვჯერა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, მისი თავისუფლება და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის არჩევანი ყველაზე მყარად და უსაფრთხოდ იქნება დაცული ერთიან ევროპულ ოჯახში. სივრცეში, სადაც თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის ღირსება უმაღლესი ღირებულებებია”, – წერია ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.



