„ტელეგრამის“ (Telegram) დამფუძნებელი პაველ დუროვი Apple-ს რუსულ App Store-ში პოპულარული VPN-სერვისების დაბლოკვის გამო ღიად უპირისპირდება. X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოქვეყნებულ პოსტში დუროვი აღნიშნავს, რომ ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა წაშალა აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებლებს ინტერნეტ-ცენზურისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდა.
„ეს არ არის მაგარი, Apple“ (This is not cool, Apple), — წერს დუროვი. რა
გამოცემა „კოდ დუროვას“ (Код Дурова) ინფორმაციით, რუსული App Store-დან უკვე გამქრალია ისეთი პოპულარული VPN-სერვისები, როგორებიცაა v2RayTun, V2Box, Streisand და Happ-ის ერთ-ერთი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გადმოწერილი აპლიკაციები მომხმარებლების მოწყობილობებზე ფუნქციონირებას განაგრძობენ, ისინი სისტემურ განახლებებს (Updates) ვეღარ მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნების App Store-ებში აღნიშნული პროდუქტები კვლავ შეუფერხებლად არის ხელმისაწვდომი. ასევე, დასავლური მედია ხაზს უსვამს ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რაც ტექნოლოგიურ ბაზარზე კონკურენციასაც ეხება: მიუხედავად იმისა, რომ Apple აქტიურად ემორჩილება რუსეთის მარეგულირებლის მოთხოვნებს, Google Play (Android) ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს მსგავს ზეწოლას და აღნიშნული VPN აპლიკაციების უმეტესობა მათ პლატფორმაზე კვლავ ხელმისაწვდომია.
v2RayTun-ის დეველოპერების მიერ Telegram-ში გავრცელებული ინფორმაციით, აპლიკაციის წაშლის ოფიციალური მოთხოვნით Apple-ს რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა — „როსკომნადზორმა“ (Роскомнадзор) მიმართა.
Apple-ის ოფიციალურ წერილში, რომელიც დეველოპერებმა გაასაჯაროვეს, ნათქვამია, რომ აპლიკაცია ექვემდებარება წაშლას, რადგან ის შეიცავს „რუსეთში არალეგალურ მასალებს“ და არღვევს კომპანიის შიდა პოლიტიკას. კერძოდ, ამერიკული კორპორაცია ეყრდნობა App Store-ის წესების მე-5 პუნქტს, რომელიც დეველოპერებს ავალდებულებს, რომ პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი სრულად შეესაბამებოდეს იმ ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობას, სადაც ის იყიდება ან ვრცელდება. თავად „როსკომნადზორს“ აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.




