თუ გაყიდვებში ნეგატიური ტრენდი გაგრძელდა, შესაძლოა, პროექტების ნაწილის გადავადება მოგვიწიოს – „სინომი რითეილი“

რითეილ სექტორის ნაწილში აცხადებენ, რომ თუკი ტურისტული ნაკადების კლების ფონზე, გაყიდვების ტემპის დინამიკა მომდევნო პერიოდშიც ნეგატიური შენარჩუნდა, შესაძლოა, მიმდინარე საინვესტიციო გეგმების გადახედვა და შემცირება მოუწიოთ.როგორც BMG-სთან Zara-ს, Massimo Dutti-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების ოპერატორი კომპანია “სინომი რითეილის“ ხელმძღვანელი ამბობს, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიური ბაზრებიდან ტურისტების კლების ფონზე მათ სავაჭრო ქსელებში მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც წლის პირველ ორ თვესთან შედარებით მკვეთრად გაუარესებული ტრენდია.რევაზ მაღალაშვილის თქმით, ნეგატიური ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში ისეთ საინვესტიციო პროექტებს გადაავადებენ, როგორიცაა მაგალითად არსებული მაღაზიების განახლება.„თუ გაყიდვების შენარჩუნება მოხდა შარშანდელზე +5%-ის მაჩვენებელზე, ეს არ იქნება არანაირი კატასტროფა. ჩვენ ძალიან ძლიერი 2025 წელი გვქონდა და მისი მცირედით გაუმჯობესებაც კარგი მონაცემი იქნება. თუმცა უფრო საგანგაშოა დინამიკა – თუ დინამიკაში კიდევ უფრო უკან წავიდა [გაყიდვები], მაშინ შესაძლოა, არა გავაუმჯობესოთ, არამედ პირიქით ჩამოვრჩეთ შარშანდელს და აქ უკვე ხარჯვითი ბაზა, რომელიც მომზადებული იყო 2026 წლის ბიზნეს გეგმის შესაბამისად, ეს ყველაფერი გადასახედი იქნება და შესაძლოა, ბევრად უფრო რთული შედეგი დადგეს.ახალი პროექტები, რომლებიც დაგეგმილი იყო, ვთქვათ კაპიტალური დანახარჯები, რომლებიც დაგეგმილი იყო ახალი მაღაზიების გახსნის კუთხით. იმ პროგნოზებში ომი არ შედიოდა როდესაც 2026 წელს ვგეგმავდით და 20-25%-იანი ზრდის დინამიკის გათვალისწინებით იყო დაგეგმილი ახალი პროექტები. შესაბამისად, თუ ეს შენელდა და შემდეგ პირიქით კლებაში გადაიზარდა, შესაძლოა გადასახედი გახდეს კაპიტალური დანახარჯების ნაწილი და ზოგიერთი პროექტი გადავადდეს იქამდე, სანამ არ დასტაბილურდება რეგიონში სიტუაცია.ვგულისხმობ რენოვაციებს, ახალი მაღაზიების [გახსნას]. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს 2027 წელთან დაკავშირებით. 2026 წელს წინასწარი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო, რამდენიმე ახალი მაღაზიაც უნდა გახსნილიყო. ორ ახალ მაღაზიას მაინც გავხსნით მიმდინარე წელს, ვინაიდან უკვე დაწყებულია, თუმცა სხვა უფრო მსხვილი პროექტები, რომლებიც დაგეგმილი იყო, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. მაგალითად, ოცამდე მაღაზიის რენოვაცია, რომელიც დაგეგმილი იყო 2027-2028 წლებში ფაზებად, მოითხოვს დაახლოებით 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას [მოითხოვს] და ასეთ თამამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ მაშინ, როდესაც დინამიკა გაყიდვებში არის პოზიტიური. ახალი ბრენდების გახსნა, არაერთ ბრენდთან გვაქვს მოლაპარაკება და ა.შ.“, – განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.bm.ge