წელს ქართული ღვინის ბრენდი „91“ გერმანიის ბაზარზე შევიდა. კომპანიამ იქ საკუთარი საწყობიც მოაწყო და ადგილობრივ მომხმარებელთან მუშაობა დაიწყო. ბრენდის დამფუძნებელი, თამარ მარკოზაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ პირველი შედეგები მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა.”მოლოდინებს გადააჭარბა იქაური მომხმარებლის მზაობამ ქართული ღვინის მიმართ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და დასაფასებელია. ამ ეტაპზე უფრო დადებითად მივყვებით, უფრო სწრაფი ზრდა გვაქვს, ვიდრე თავდაპირველად ჩვენი მოლოდინი იყო”, – ამბობს მარკოზაშვილი.მისი თქმით, კომპანიას გერმანიაში ბაზრის სწრაფად დამკვიდრებაზე მეტად გაყიდვების სტაბილური ზრდა აინტერესებს. ამიტომ „91“ ეტაპობრივ გაფართოებას გეგმავს და ყოველთვიურ დინამიკას აკვირდება: „როდესაც ახალ ბაზარზე შედიხარ, ყოველთვის ბევრი გამოწვევა და გაურკვევლობა არის ხოლმე და მიხარია, რომ გერმანიის ბაზარი ამ ნაწილში საკმაოდ ღია დახვდა ჩვენს ღვინოს“, – აღნიშნავს ის.მარკოზაშვილის განმარტებით, კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ზედმეტად სწრაფი ზრდისგან თავს იკავებს და გრძელვადიან განვითარებას ამჯობინებს.„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულად მდგრადი, თანმიმდევრული განვითარება. იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი მაგალითი იმისთვის, რომ აგრესიულ ზრდას მერე აგრესიული ვარდნა მოჰყვება ხოლმე და შესაბამისად გვირჩევნია, რომ ნელ-ნელა გავყვეთ მაგ ნაბიჯებს“, – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.პარალელურად, კომპანია პროდუქციის ხაზსაც აფართოებს. ზაფხულის დასაწყისში „91“-მა სამი ახალი, მსუბუქი თეთრი ღვინო გამოუშვა, დაახლოებით ერთი კვირის წინ კი 2025 წლის საფერავი დაამატა.bm.ge
