თავისუფალ ჭიდაობაში 2016 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სპორტში დაბრუნებულმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში 19 წლის ამერიკელ ამომავალ ვარსკვლავ ბო ბასეტთან მარცხი განიცადა.
ჩვენებურმა დღეს დილით ფლორიდაში გამართულ შეხვედრაში მასპინძელთან 3:13 წააგო.
“ეს არის შესაძლებლობა ბო ბასეტისთვის, რომ მსოფლიოს დაანახოს, როგორ უმკლავდება ოლიმპიურ დონეს, და ასევე შანსი ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის, დაამტკიცოს, რომ ის არა მხოლოდ “თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავეა”, არამედ კვლავაც მთავარი ფიგურაა RAF-ის მსუბუქ წონაში”, – წერდა RAF მატჩამდე თავის ოფიციალურ გვერდზე.
შეხსენებისთვის, RAF არის პროფესიონალური ჭიდაობის (ფრისტაილის) შოუ/ტურნირი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან როგორც ოლიმპიური და მსოფლიო დონის მოჭიდავეები, ისე ახალი თაობის ვარსკვლავები.
როგორც RAF- ის წესების განმარტებაში წერია, ამ ფორმატის მიზანია ჭიდაობის უფრო სანახაობრივად და ფართო აუდიტორიისთვის მიმზიდველად გადაქცევა.
