ისრაელთან ვერმოგებული ამხანაგურის (2:2) შემდეგ, საქართველოს ნაკრები წლის მეორე მატჩს კაუნასში, ლიეტუვასთან ჩაატარებს – დღეს, ჩვენი დროით 17:00 საათზე.
ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში როტაციას ველით. წესით, მთავარმა მწვრთნელმა ახლა მათ უნდა დააკვირდეს, თბილისში ცოტა დრო რომ მიეცათ. ვნახოთ, ფრანგი მოკლე დროში რა დასკვნებს გამოიტანს დაპირისპირისპირებიდან, სადაც ნაკლები გუნდურობა თუ გააზრებული თამაში და მეტი ინდივიდუალურობა იყო – კაპიტნისა და ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესრულებით.
მეკარის ცვლილების საკითხი ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ მოსალოდნელია, დრო (თუნდაც ერთი ტაიმი) ლუკა გუგეშაშვილმა მიიღოს (მესამე მეკარე დავით კერესელიძეა). ბოლო დროს საბერძნეთში ის თამაშობს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, მას მალე “მანჩესტერ სიტი” და პსჟ ელის.
ლაშა დვალის საქმეში ხილვა ნამდვილად გვაინტერესებს. თუკი სამომავლო გათვლებზე ვსაუბრობთ, მისი ხილვა ილია ბერიაშვილთან ერთად საინტერესო იქნება. ეგაა, არ ვიცით, სანიოლი რამდენი მცველით ითამაშებს. დვალი და ლოჩოშვილი ერთად მხოლოდ 3 უკანახაზელის პირობებში თუ იქნებიან.
გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა აუცილებლად უნდა ითამაშონ, რომელი განლაგებაც არ უნდა ავირჩიოთ.
გიორგი ჩაკვეტაძის სასტარტოში ხილვა (ხვიჩასა და ჟორჟთან ერთად) ისე მოგვენატრა, გვინდა იყოს, მაგრამ არ ვიცით, რამდენის სათამაშოდაა მზად. ბუდუ ზივზივაძე – ვისაც თბილისში არ უთამაშია და რაღაც წუთები აუცილებლად მიეცემა.
ლიეტუვის ნაკრები ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება. რამდენიმე დღის წინ მათ მოლდოვას სტუმრად (2:0) აჯობეს. ივნისში ბალტიის თასზე ლატვიასთან დაპირისპირებაა, სექტემბრიდან კი “ერთა ლიგის” D ჯგუფში აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი ელით.
საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვასთან ბოლოს 2018 წელს ითამაშა და ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა. ქართველებიდან ვინც იმ დაპირისპირებში მონაწილეობდნენ, ახლა გუნდში მხოლოდ დვალი და ჩაკვეტაძე (სანაკრებო დებიუტი და გოლი ჰქონდა) არიან. ბოლო ოფიციალური მატჩები “ჯვაროსნებს” ცუდად ახსოვს, 2007 წელს ჯერ კაუნასში (0:1), შემდეგ კი შინ (0:2) წააგეს. კაუნასში ქართველებს დიდი ანგარიშითაც (4:0) გაუმარჯვიათ, სადაც გიორგი ქინქლაძის ბოლო მატჩი და ბოლო სანაკრებო გოლი ვნახეთ.
“ცელიეში” მოთამაშე არმანდას კუჩისი დღესისთვის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. 21 წლის ნახევარმცველი, გვიდას გინეიტასი “ტორინოში” ასპარეზობს. “რიეკაში” მოთამაშე იუტას ლაცისკასი ეროვნულ გუნდში 68-ე მატჩს ჩაატარებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში 22-ე გოლი გაიტანა, გიორგი მიქაუტაძე ჩამოიტოვა და შოთა არველაძეს ძალიან მიუახლოვდა. ვნახოთ, ეს ამბები როგორ გაგრძლედება.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი – გოჩოლეიშვილი, ბერიაშვილი, დვალი, აზაროვი – მექვაბიშვილი, გ.მამაგეიშვილი, ჩაკვეტაძე – დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.