არჩილ გამზარდია: ეროვნული ღირებულების დაცვაა ტროტუარზე მდგომი ახალგაზრდების რამდენიმე ხნით ციხეში გაშვება? (ვიდეო)

არის თუ არა ეროვნული ღირებულების წინააღმდეგ პროპაგანდა, როდესაც მზია ამაღლობელს დამნაშავეს ეძახით და პოლიციელი კაცი თავს ფიზიკურად დაჩაგრულად მიიჩნევს, რომელიც ქალის დასჯას ითხოვს? არის თუ არა ეს ოჯახური ღირებულებების და არასრულწოვანის დაცვის წინააღმდეგ ხელისუფლების პროპაგანდაც? რას ასწავლით ამით მომავალ თაობას?
✅️ არის თუ არა ეროვნული ღირებულება დედის და დედობის მიმართ პატივისცემა? – მარკერით რომ რაღაც გახაზა, ქალი და ოთხი შვილის დედა გაუშვა წელიწადნახევარი ციხეში, რომელი ეროვნული ღირებულებაა, რომელი ოჯახური ღირებულებაა? ან დედის გარეშე ოთხი შვილის დატოვება რომელი არასრულწოვანის დაცვაა?
✅️ არის თუ არა ქალის მიმართ პატივისცემა ეროვნული ღირებულება? – ზოგიერთი ძალოვანი რომ იდგა და აქციაზე მყოფ ქალებს, ახალგაზრდა გოგონებს საკუთარი სასქესო ორგანოსკენ მიუთითებდნენ, თქვენ მეტყვით რომ ეს ეროვნული ღირებულების დაცვაა?
✅️ ეროვნული ღირებულების დაცვაა ტროტუარზე მდგომი ახალგაზრდების რამდენიმე ხნით ციხეში გაშვება?
✅️ სუსის ფაილების გავრცელებით, რომელიც პირდაპირ ანგრევდა პატრიარქის ჯანმრთელობას სულ ცოტა ფსიქიკური ზეწოლის გამო, თქვენი მხრიდან ქრისტიანული ფასეულობების დაცვაა თუ ეროვნული ღირებულების დაცვის დემონსტრირება?
✅️ როდესაც სახელისუფლებო ჯგუფები ახალგაზრდებს ქუჩაში ესხმოდნენ თავს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ეს მიგაჩნიათ თქვენ ეროვნულ და ქრისტიანულ ღირებულებებად? მოზარდების ცემა კი არასრულწლოვნების დაცვად?
✅️ როდესაც დაქირავებული პირები ადამიანებს ურეკავდნენ და წარმოუდგენელი სიტყვებით აგინებდნენ, აშინებდნენ, იქნებ ეს იყო თქვენი მხრიდან ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დაცვა?
✅️ ოპოზიციონერი პატიმრების შვილებს რომ არ აჩვენებთ საკუთარ შვილებს, ამით იცავთ იმ შვილებს, ვისაც მამის ნახვა თუნდაც ციხეში, საოცნებოდ ექცა?
✅️ როდესაც ოპონენტებს მტრებად აცხადებთ, ეს არის ქრისტიანული ღირებულება თქვენთვის?
✅️ როდესაც ყველას აგენტს ეძახით და სხვა ქვეყნის ფაქტორი იდეურადვე მტრულად მიგაჩნიათ, ხალხს განაწყობთ მათდამი მტრულად, მითხარით, თქვენთვის ანდრია მოციქულიც აგენტია? წმინდა ნინოსაც აგენტს ეძახით? წმინდა გიორგისაც? ასურელ მამებსაც?
✅️ გრიგოლ ხანძთელმა თავის ერთ-ერთ მოწაფეს, ეფრემს კონსტანტინოპოლიდან ჩამოატანინა დამკვიდრებული სამონასტრო და საეკლესიო წესები (ტიპიკონი), რაც ქართულ მონასტრულ ცხოვრებას დაედო საფუძვლად – გრიგოლ ხანძთელი თქვენთვის აგენტურულ საქმიანობას ეწეოდა და მტრად მიგაჩნიათ?
✅️ როდესაც ილიამ არსებულ რეალობას გაუწია წინააღმდეგობა და სიახლეებისა და ცვლილებებისათვის გაწირა თავი და ყველა ტიპის კულტურა და მაშინდელი წესი განვითარებისა და ევროპული ცხოვრების მიმართულებით წარმართა, ისიც მტრად და აგენტად მიგაჩნიათ?
✅️ “ქართული ოცნებას” მიგაჩნიათ, რომ ბერი გაბრიელი საბჭოთა ხელისუფლებას საბჭოთა დროშის დაწვის გამო უნდა დაესაჯა და მაშინ საბჭოთა ხელისუფლებას გაამართლებდით.
⚠️ ხელისუფლების საზრისები, დამოკიდებულებები და პოლიტიკური ფილოსოფია არცერთ ქრისტიანულ და არც ზოგადად, ეროვნულ კონტექსტში არ ჯდება. ქრისტიანული ფასეულობების მოხმობა ხელისუფლებისგან მხოლოდ სიყალბის კონსტრუირებაა და არა ქრისტიანული ფილოსოფია ან ეროვნული ფასეულობა და
ეს არის მოცემულობა.
დებატები „იმედზე“, თემა: ეროვნული ღირებულებები.