აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოBrendan Smialowski/Pool/AFP/Gettyგამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 27 მარტს “დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებს უთხრა, რომ ირანთან ომი კიდევ 2-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ცნობას გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მიანიშნა, რომ ირანთან თებერვლის ბოლოს დაწყებული ომი შესაძლოა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ დასახულ ექვსკვირიან ვადაზე მეტხანს გაგრძელდეს.
საფრანგეთში გამართულ შეხვედრაზე რუბიომ მოკავშირეებს ასევე აცნობა, რომ აშშ ახლოსაა ირანთან სერიოზული მოლაპარაკებების გამართვასთან. თუმცა, პარალელურად პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნას აპირებს და თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ უფრო მეტი ესკალაციის გამომწვევ ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციასაც.
Axios: ირანთან ომის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 10 000 სამხედროს გაგზავნას განიხილავს
TOI: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება
Axios: პენტაგონი ირანისთვის მასობრივი “საბოლოო დარტყმის” მისაყენებლად ვარიანტებს ამზადებს
Axios-ის მიხედვით, G7-ის შეხვედრაზე რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ომში თავის ყველა მიზანს მიაღწიოს.
წყაროების მიხედვით, რუბიომ “დიდი შვიდეულის” კოლეგებს ისიც უთხრა, რომ აშშ-ს კვლავ აქვს კომუნიკაცია ირანის რეჟიმთან შუამავლების მეშვეობით. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე თქვა, რომ ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს თეირანში.
რუბიომ დაამატა, რომ ირანის მხარეს არიან მაღალჩინოსნები, რომლებსაც აშშ-სთან მოლაპარაკებები სურთ, მაგრამ მათ რეჟიმის ხელმძღვანელობისგან ნებართვა ესაჭიროებათ მოლაპარაკებების გამართვაზე.
გამოცემის ინფორმაციით, რუბიომ მინისტრებს განუმარტა, რომ შუამავლებისთვის ირანელ მაღალჩინოსნებთან კომუნიკაცია რთულია, ვინაიდან ისინი ტელეფონებს თავს არიდებენ იმის შიშით, რომ მათ მიაგნებენ და მოკლავენ. სახელმწიფო მდივნის თქმით, ამან ირანთან კომუნიკაციების ტემპი შეაფერხა.
ამას გარდა, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, რუბიომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ჩართულობა ჰორმუზის სრუტის გახსნაში, თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ ომის დამთავრების შემდეგ სრუტეში პატრულირების მიზნით მოკავშირეებმა საერთაშორისო საზღვაო ძალაში მიიღონ მონაწილეობა.
“რუბიომ თქვა, რომ ჩვენ აშშ-ს დავჭირდებით შემდეგ ფაზაში, რათა მოხდეს გემების ესკორტირება ან უბრალოდ საერთაშორისო ჩართულობა იყოს ჰორმუზის სრუტეში, რათა ირანელებს ვაჩვენოთ, რომ სრუტეს არ აკონტროლებენ. ამაზე ყველა დათანხმდა.” – ციტირებს ერთ-ერთ წყაროს გამოცემა Axios.