თამთა მიქელაძე: ხელბორკილის გამოყენება, როგორც ძალისმიერი ზომა, უნდა იყოს უკიდურესი საშუალება (ultima ratio) და თითოეულ შემთხვევაში საჭიროებს მკაფიო გამართლებას და არ შეიძლება ის დაედოს ყველა დაკავებულს ყველგან და ყოველთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე:
ბოლო დღეებში არაერთი ფოტო და ვიდეო ვიხილეთ, სადაც ჩანს, როგორ ადებს პოლიცია ქალებს ხელბორკილებს სასამართლოს ეზოში და ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გადაჰყავთ სასამართლოდან დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული ლამაზი ქალები და გოგოები თავად მიდიან სასამართლო დარბაზში, მშვიდად და ღირსეულად იღებენ სასამართლოს ანტიკონსტიტუციურ და ამორალურ გადაწყვეტილებას და საკუთარი დუმილითა და ღირსებით აჩვენებენ შექმნილი სიტუაციის აბსურდულობას. ამის მიუხედავად, პოლიცია მათ ხელბორკილებს ადებს ხან უკნიდან მაჯებზე, ხან კი წინა მხრიდან და მხოლოდ ასე სვამენ მანქანებში.
ახლა ვუყურებდი საკანონმდებლო რეგულაციებს და აშკარაა, რომ პოლიციის შესახებ კანონში არსებულ ზოგად ჩანაწერს სიზუსტისა და პროპორციულობის პრობლემა აქვს.
მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ შესაბამის უწყებებს არ აქვთ ხელბორკილის გამოყენების დამტკიცებული ინსტრუქციები, რომელიც პოლიციის შესახებ კანონის ზოგად ჩანაწერს დააზუსტებდა და განუხრელად დაიცავდა ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.
როგორც ვნახე, 2024 წლის იანვარში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისივე უწყებისთვის დაამტკიცა ასეთი წესები, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ეს უწყება “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა და შესაბამისად, არც ეს წესები არსებობს დღეს.
მოდით, წავიკითხოთ, რა ეწერა ამ წესებში თავის დროზე.
[მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს წესები სისხლის სამართლის სფეროს მიემართებოდა (რადგან მისი მანდატი ასეთი იყო) და ცხადია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ეს მიდგომები კიდევ უფრო მსუბუქი უნდა იყოს]:
ხელბორკილის გამოყენების უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს ეჭვმიტანილის/ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფიზიკური წინააღმდეგობის განეიტრალება, საკუთარი თავისთვის ან მესამე პირისთვის ზიანის მიყენების აღკვეთა ან გაქცევის საფრთხის შემცირება. ხელბორკილის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად და მხოლოდ იმ ინტენსივობით, რაც მკაცრად აუცილებელია აღნიშნული მიზნისთვის;
ხელბორკილი უნდა მოერგოს დაკავებული/დაპატიმრებული პირის მკლავს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი ზედმეტი მოჭერა და სხეულის დაზიანება. პირს, ვისაც ხელბორკილი დაედო, დამკავებელმა უნდა ჰკითხოს, ხომ არ არის ხელბორკილი ძალიან მჭიდროდ მოჭერილი. მიზანშეწონილია, დამკავებელმა ფიზიკურადაც შეამოწმოს, ხომ არ არის ხელბორკილი მაჯაზე ზედმეტად მოჭერილი და საჭიროების შემთხვევაში მოუშვას, ამასთან გაითვალისწინოს დაკავებული პირის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ან გაქცევის რისკები;
ხელბორკილის გამოყენება უნდა აისახოს შესაბამის ოქმში. დამკავებელმა უნდა გააფრთხილოს დაკავებული პირი, რომ ხელბორკილმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, თუ ის წინააღმდეგობას გასწევს;
ხელბორკილის დადება ზურგს უკან, ხელების შებორკვით უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში!!!!!, როდესაც დაკავების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიმალვის რისკის თავიდან აცილება და დაკავებაში მონაწილე პირების ან თავად დაკავებულის უსაფრთხოების დაცვა ვერ მიიღწევა ხელბორკილის სხეულის წინა მხარეს დადებით.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ხელბორკილის გამოყენებამდე მიზანშეწონილია დამკავებელმა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაკავებული პირის ასაკი, სქესი, აშკარა ფიზიკური სიძლიერე და სხვა გარემოებები.
სახალხო დამცველიც 2023 წლის ანგარიშშიც აღნიშნავდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ყველა უწყებისთვის მსგავსი ინსტრუქციების შექმნა, რაც დღემდე არ მომხდარა.
ევროპული სამართლის სტანდარტიც ასეთია. რუსეთის წინააღმდეგ ანგარიშებში წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა არა ერთხელ თქვა, რომ ხელბორკილის რუტინული და ბლანკეტური გამოყენება აკრძალულია. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება, პირისგან მომდინარე რისკების, მისი ინდივიდუალური მახასიათებლებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ამ პროცესში სამართალდამცავებმა განუხრელად უნდა დაიცვან პირის ღირსება.
ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ხელბორკილის გამოყენება, როგორც ძალისმიერი ზომა, უნდა იყოს უკიდურესი საშუალება (ultima ratio) და თითოეულ შემთხვევაში საჭიროებს მკაფიო გამართლებას და არ შეიძლება ის დაედოს ყველა დაკავებულს ყველგან და ყოველთვის.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კი, რომელიც თეორიულად მართლწესრიგის დარღვევის უფრო მსუბუქი ფორმაა (ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრების აბსურდულობაზე რა უნდა ვთქვა უკვე არც ვიცი), პრინციპი და პრეზუმფცია უნდა იყოს ხელბორკილის არ გამოყენება; მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენების გამართლება, თუ პირიქით ზიანის, მიმალვის, წინააღმდეგობის რეალური რისკი სათანადოდ დასაბუთდება.
მაგრამ ხომ გასაგებია რატომ აკეთებს ამას რეჟიმი?!
ის ამით ავლენს სიმბოლურ ძალადობას, რომლის მიზანია ადამიანების დამცირება და საჯარო სივრცეში მათი კონტროლის დემონსტრირება.
მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე და ღირსება ძალაუფლების ამ ინსტინქტს საპირისპიროდ შემოაბრუნებს და პირიქით, მის ამორალურობას და სისუსტეს ავლენს.
ეს ქალები და გოგოები გრძელი თმებით, ლამაზი თვალებით და ამაყი დგომით ჩვენი წინაპრების ღირსებას ატარებენ საკუთარი სხეულებით. აი ძალაუფლების მხარეს კი მხოლოდ სიმახინჯე, შიში და მორჩილება ჩანს.