საქართველოს პარლამენტის აპარატმა 60 000 ბოთლი არაგაზირებული სასმელი წყლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
პირობის თანახმად, წყალი 0,5-ლიტრიან მინის ბოთლებში უნდა იყოს დაფასოებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58 200 ლარია [რაც ერთი ბოთლისთვის მაქსიმუმ 97 თეთრს შეადგენს].
მიწოდების ვადად 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტს 60 000 ბოთლ სასმელ წყალზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს შპს „აქვა გეოსთან“, რომელიც უწყებას პროდუქციას ასევე 2026 წლის 25 დეკემბრამდე მიაწვდის.
ამ ხელშეკრულებით „აქვა გეო“ პარლამენტს 0,5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში დაფასოებულ წყალ „სნოს“ 37 თეთრად აწვდის.

პარლამენტის აპარატსა და „აქვა გეოს“ შორის 2025 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულებით კომპანიამ პარლამენტს სასმელი წყალი 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს.
შპს „აქვა გეომ“ სასმელი წყალი პარლამენტს 2026 წლის 25 დეკემბრამდე, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიაწოდოს. თუმცა, 2026 წლის 27 მარტის მდგომარეობით, შესყიდვების პორტალზე არსებული ინფორმაციით, კომპანიას პარლამენტისთვის მხოლოდ 3 996 ლარის ღირებულების წყალი აქვს მიწოდებული, რაც 60 000-დან მხოლოდ 10 800 ბოთლს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, პარლამენტმა დამატებით 60 000 ბოთლის შესყიდვაზე ტენდერი მაინც გამოაცხადა. ამჯერად პირობა შეიცვალა – წყალი არა პლასტმასის, არამედ მინის ბოთლებში უნდა იყოს დაფასოებული, რაც პროდუქტის ღირებულებას მნიშვნელოვნად აძვირებს.

პარლამენტის აპარატის მიერ 58 200 ლარით გამოცხადებული ტენდერის ტექნიკური დავალებიდან
თუ პლასტმასის ბოთლში დაფასოებული წყლის შემთხვევაში პარლამენტი ერთ ბოთლში მაქსიმუმ 40 თეთრს იხდიდა, მინის ბოთლის შემთხვევაში შესყიდვის მაქსიმალური ფასი 97 თეთრს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ სატენდერო ღირებულება 142,5%-ით არის გაზრდილი.
მინის ბოთლებით სასმელი წყლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 31 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება.
პარლამენტის აპარატი სასმელ წყალს დისპენსერებისთვისაც ყიდულობს, დისპენსერებზე გამოსაყენებლად კი ერთჯერად პლასტმასის [პოლიპროპილენის] ჭიქებს ყიდულობდა.
პარლამენტში ერთჯერად ჭიქებს ამჯერადაც შეიძენენ, თუმცა არა პლასტმასის, არამედ, მუყაოს ან ქაღალდის.
პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი 600 000 ცალი მუყაოს ან ქაღალდის ერთჯერადი ჭიქის შესაძენად.
სატენდერო თანხა 24 ათასი ლარია. ანუ 1 ჭიქის შეძენის სატენდერო მაქსიმალური ღირებულებაა 4 თეთრი [ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 31 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება].
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულებით, პარლამენტი 1 ცალ პოლიპროპილენის ერთჯერად ჭიქას 2 თეთრად ყიდულობდა. შესყიდვის სატენდერო [სავარაუდო] ფასიც 2 თეთრი იყო.
2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო აკრძალვის მორიგი ეტაპი 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყება.
ამ თარიღიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
არის გამონაკლისიც: აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე, 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე [არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა].
გამონაკლისი ასევე ვრცელდება შსს-სა და თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.




