„ერთ-ერთი დიდი პრობლემა ელექტროენერგიის ფასია“ – რას სთხოვს ფეროშენადნობთა დარგი სახელმწიფოს?(bm.ge)

ფეროშენადნობთა მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ დარგისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ელექტროენერგიაზე არსებული მაღალი ტარიფებია.როგორც BMG-სთან ფეროშენადნობთა მწარმოებელი კომპანიის AMB Alloys-ის დირექტორის მოადგილე ამბობს, ელექტროენერგიას პროდუქციის საბოლოო ფასში 35-40% უჭირავს, დენზე მაღალი ფასები კი წარმოებებს კონკურენტუნარიანობას უკარგავს.ილია გოგსაძის თქმით, იმ ფონზე, რომ სექტორში კვლავ კრიზისული ვითარება ნარჩუნდება, მნიშვნელოვანია, რომ ფეროშენადნობთა საწარმოებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედარებით იაფი ენერგიის წყაროებზე ჰქონდეთ წვდომა.AMB Alloys-ში ამბობენ, რომ სახელმწიფოსთან ამ მიმართულებით გარკვეული კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და იმედი აქვთ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.“ფეროშენადნობების სექტორისთვის ძირითადი გამოწვევა რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად განვითარებული მოვლენებია, რის ფონზეც დარგი დღემდე იმყოფება მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში. აღნიშნული თავის მხრივ განპირობებულია იმით, რომ ჩვენი საბოლოო მომხმარებელი გახლავთ დიდი მეტალურგიული კომპანიები, ფოლადის მწარმოებლები. ფოლადის წარმოებისათვის ერთ-ერთი უდიდესი კომპონენტია ენერგომატარებლები, ისევე როგორც ჩვენთვის, თუმცა მათ შემთხვევაში საუბარია ბუნებრივ გაზზე. ბუნებრივ გაზზე ფასების ზრდამ, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, პირდაპირ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ფოლადის წარმოებაზე ევროპაში, თურქეთში. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჯაჭვურად ერთმანეთთანაა დაკავშირებული და სამწუხაროდ, ეს ნეგატიური ფაქტორები ჯერ კიდევ გრძელდება.რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე გამოწვევებს, პრობლემა ყველაზე დიდი პრობლემა ელექტროენერგიის ღირებულებაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მოხდა გარკვეული ინფორმაციის გაზიარება ეკონომიკის სამინისტროსა და ენერგეტიკულ კომპანიებს შორის. გარკვეული სახის შეღავათები განხორციელდა ფეროშენადნობთა სექტორში მომუშავე კომპანიების მიმართ, მათ შორის ჩვენი კომპანიის მიმართაც. თუმცა, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და ჩვენი დარგის პოტენციალის უკეთ წარმოჩენისათვის, აუცილებელი იქნება ჩვენი პრობლემების უფრო მეტად გაზიარება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელექტროენერგიის ფასი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებაზე. ანუ, ჩვენ კონკურენტუნარიანობას ვკარგავთ ელექტროენერგიაზე მაღალი ტარიფის არსებობის შემთხვევაში ჩვენს საერთაშორისო კონკურენტებთან ურთიერთობაში. ელექტროენერგიის წილი პროდუქციის თვითღირებულებაში არის 35-40%. შესაბამისად, მისი ღირებულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.რაც შეეხება სეზონურ ფაქტორებს, საქართველოში გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მოლოდინია, რომ ჭარბი ჰიდრორესურსების პირობებში ფასები მეტ-ნაკლებად დაიწევს. თუმცა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში ფასები არცთუ ისე სახარბიელო იყო, საკმაოდ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა და თუ ასე გაგრძელდა, პრობლემებიც შენარჩუნებული იქნება დარგში.არსებობს გარკვეული ქმედითი ინსტრუმენტები, რომელზეც გარკვეული საუბრები გვაქვს. იგივე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით, პირველ რიგში, ენგურჰესი, იაფი ელექტროენერგიის მიწოდება [ფეროშენადნობთა საწარმოებისთვის] გარკვეული პერიოდით მაინც, რომ ეს კრიზისული პერიოდი გადავლახოთ. ამის შემდეგ კი მოხდება ნორმალიზება. ფასების მატება პირდაპირპროპორციულია დარგის გაჯანსაღებასთან. ჩვენი პროდუქცია თითქმის 100%-ით წარმოადგენს საექსპორტო პროდუქციას და ჩვენი დარგის ხელშეწყობა პირდაპირ ნიშნავს ექსპორტის ხელშეწყობას და სტიმულირებას”, – განაცხადა ილია გოგსაძემ.bm.ge