მიტროპოლიტი ისაია არ ადასტურებს, რომ კანდიდატურა მოხსნა

მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და საერთოდ განიხილავს თუ არა თავის კანდიდატურას, რომ კენჭისყრაზე დადგეს.

„ამ საკითხზე მე არავისთან მისაუბრია“, – მისწერა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა ისაიამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე კი მოგვწერა, “თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?”.

ერთ-ერთი პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ კანდიდატურა მოხსნა, რასაც ის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელესახე, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) იყო. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უთხრა, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ თავის კანდიდატურა მოხსნა.

„ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები. დიდი მადლობა მეუფეო, რომ თქვენ არსებობთ და ეს მაგალითი მიეცით ყველას, რა უნდა გააკეთოს სინოდის წევრებმა. ჩუმად გააკეთეთ, მაგრამ ძალიან მაგარი რამე გააკეთეთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი უნდა შეარჩიონ, რომელიც შემდეგ გაფართოებულ კრებას წარედგინება. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარადგინოს ერთი კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც.

გაფართოებულ კრებაზე სინოდის 39 წევრი სწორედ ამ სამი კანდიდატიდან აირჩევს პატრიარქს. პატრიარქად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სინოდის წევრების ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს მღვდელმთავარი, რომელიც არის ეროვნებით ქართველი; აქვს საღვთისმეტყველო განათლება, არის ბერი და ასაკით არის არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს