ბეჟან წაქაძე ავტომობილების აქციზის ზრდაზე: რა აქვს ამ კანონს მიუღებელი?!

“რა აქვს ამ კანონს მიუღებელი?! რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი?!” – კითხვებს სვამს “ქართული ოცნების” დეპუტატი ბეჟან წაქაძე, რომელიც სხვა პარლამენტარებთან ერთად, როგორც – 6 წლამდე, ისე 6 წელზე ძველი ავტომობილების აქციზის ზრდის ინიციატორია.

“ჩვენ გვინდა, ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მდგომარეობა იყოს. ქვეყანა გადაიტვირთა ისეთი მანქანებით, რომლებიც ეკოლოგიას მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ნელ-ნელა ხომ უნდა დავიწყოთ?! ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, რომ განვითარებულ ქვეყნებს დავემსგავსოთ – ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს პრეტენზია… მოძველებული მანქანები აბინძურებენ გარემოს და ამის გამოსწორება გვინდა და რა არის ამაში ცუდი?! მესმის, რომ ხალხს ავტომობილი სჭირდება, მაგრამ არსებობს ელექტრომანქანები, რომლებიც უფრო დაბალფასიანია და შეგვიძლია შევიძინოთ… ალტერნატივები მოიძებნება, ეს კანონი კი აუცილებელი იყო”, – აცხადებს პარლამენტარი.

ავტომანქანების განბაჟების საფასურის ზრდის ინიციატორი პარლამენტარების სიაში ასევე არიან: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია.

როგორც BMG-თან ინტერვიუში ბეჟან წაქაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია, გარკვეულწილად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაც ავტომობილების აქციზიდან, 6 წელზე ძველი ავტომანქანების განბაჟების გაძვირება აუცილებელი იყო.

– კანონპროექტის ავტორებს, მათ შორის თქვენ, თუ გაქვთ დათვლილი, დაახლოებით, რამდენმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამსახური, შემოსავლის წყარო… რას ეუბნებით ამ ადამიანებს?

– ყველაფერი დათვლილია.. ახლა ზეპირად აღარ მახსოვს…

– კანონპროექტის განმარტებით ბარათში კონკრეტულად არაფერი წერია ბატონო ბეჟან და ამიტომ გეკითხებით…

– კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ და დავასრულოთ: ნებისმიერმა კანონმა შეიძლება რაღაც უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბიუჯეტზე, ამიტომ ყოველთვის ვეძებთ ალტერნატივებს, რა შეიძლება [გავაკეთოთ]? წარმოება უნდა გაიზარდოს, ეკონომიკა გაიზარდოს, აქეთკენ მივდივართ და ასეულობით მილიონ თანხებს ვხარჯავთ ამაში… ანუ სანაცვლოდ, რაღაცებს ვაკეთებთ, რომელიც ქვეყნისათვის აუცილებელია. ბიუჯეტს შეიძლება თანხები დააკლდეს, მაგრამ ამის ალტერნატივას ვნახულობთ და ვიცით, რომ ყოველწლიურად ბიუჯეტი იზრდება. აი, ეს არის ეკონომიკის ზრდა… ნებისმიერ კანონზე შეგიძლიათ თქვათ, რომ ვიღაცა დაკარგავს სამსახურს… იქ დაკარგავს სამსახურს, სხვაგან იშოვის… ამაზედაც ვზრუნავთ – იცით, განათლების სისტემაში როგორი მიმართულება მიდის, გადამზადების სისტემაში როგორი მიმართულება მიდის… ჩვენ წინასწარ, პირდაპირ მოჭრით არ ვაკეთებთ კანონებს. ჯერ პრევენციას ვახორციელებთ, სად შეიძლება დასაქმდეს ეს ადამიანი და უამრავი ალტერნატივა ექნებათ მათ, რომ დასაქმდნენ.

ცნობისთვის: “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც მხოლოდ ზოგადად წერია, რომ “გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას მოახდენს მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების
დინამიკაზე”.

“2023–2025 წლების იმპორტისა და დარიცხული აქციზის მონაცემებზე დაყრდნობით, 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე ერთიანი აქციზის განაკვეთის – ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე 1.5 ლარით განსაზღვრა იწვევს აღნიშნულ სეგმენტში ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.

ამავე დროს, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდა, სავარაუდოდ, შეამცირებს ამ სეგმენტში იმპორტის რაოდენობას.

იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორთა დაახლოებით 60% გადაერთვება შედარებით ახალ ავტომობილების იმპორტზე, მოსალოდნელია, რომ დაბალანსდება ხანდაზმული ავტომობილების იმპორტის შემცირებით გამოწვეული შემოსავლების კლება”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.