მაგალითად, ნათია თურნავას 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, მარტო ერთ წელიწადში 540 473 ლარი აქვს დაფიქსირებული გასავლის სახით. ამის ფონზე, თურნავამ და მისმა მეუღლემ მაინც მოახერხეს ათასობით ლარის, დოლარის და ევროს გადანახვა ნაღდი ფულის სახით.
2025 წლისთვის ნათია თურნავას სეიფში აქვს შენახული 60 000 ლარი, 375 000 დოლარი და 35 000 ევრო.
მის მეუღლეს, დავით ვეშაპიძესაც ფული სხვადასხვა ვალუტაში აქვს გადანახული: 30 000 ლარი, 15000 ევრო და 125 000 დოლარი.
სახლში ინახავს 430 000 ევროს ვახტანგ თურნავაც, – „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი.
„ოცნების“ პარლამენტარები
სია ძალიან გრძელია იმ პირების, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სახლში შეინახონ „რაღაც დანაზოგი“. თუმცა ამჯერად, იმ პირებზე შევჩერდებით, რომლებსაც ყველაზე მეტი თანხა აღმოაჩნდათ სახლში.
მაგალითად, გიორგი ბარვენაშვილი და მისი მეუღლე სამივე ვალუტაში ინახავენ სახლში დიდი ოდენობის თანხას.
ბარვენაშვილის სახელზეა 115 000 დოლარი, 93 200 დოლარი და 68 450 ფუნტი. მეუღლეს კი 46 000 დოლარი და 15 300 ევრო აქვს ნაღდი ფულის სახით გადანახული.
ნაღდ ფულს – 37 000 ლარს და 40 000 დოლარს ინახავს შოთა ბერეკაშვილიც. ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ხახუბიას კი 50-50 000 დოლარი აქვთ სახლში შენახული.
ალუდა ღუდუშაურს სახლში გადაუნახავს 20 000 ევრო და 102 000 დოლარი. მის მეუღლეს კი 20 000 დოლარი აქვს ნაღდი ფულის სახით შენახული.
სამივე ვალუტაში აქვს ნაღდი ფული გადანახული ანტონ ობოლაშვილსაც – 110 000 ლარი, 55 000 დოლარი და 60 000 ევრო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიაც 82 000 დოლარს ინახავს სახლში.
70 000 ლარი და 100 000 დოლარი ბანკის ნაცვლად სახლში უდევს, ნინო წილოსანსაც.
ზაალ დუგლაძეს 50 000 დოლარი და 150 000 ლარი შეუნახია სახლში.
იოსებ ჯორბენაძეს კი 155 000 ლარი გადაუნახავს.
ილია ინჯიას 100 000 დოლარი და 200 000 ლარი აქვს ნაღდი ფულის სახით, მაია ბითაძეს 20 000 ლარი, 30 000 ევრო და 8000 დოლარი უდევს სახლში.
ნაღდ ფულს – 12 000 ევროს ინახავს შალვა პაპუაშვილის ცოლიც.
ბანკის ნაცვლად სახლში შეუნახავს 25 000 დოლარი და 25 000 ევრო რატი იონათამიშვილსა და მის მეუღლესაც.
ნაღდი ფული – 100 000 ლარის აქვს გიორგი ჭყონიას, ნიკოლოზ სამხარაძეს კი 27 000 დოლარი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მსგავსად ნაღდ ფულს სახლში ინახავენ „ოცნების“ მინისტრებიც.
მაგალითად, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, რომელმაც საზოგადოებას ძვირადღირებული ჩანთებით დაამახსოვრა თავი, ბანკის ნაცვლად სახლში ინახავს 68 000 დოლარს.
350 000 ლარი აქვს სახლში გადანახული „ოცნების“ სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძეს.
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მისი მეუღლე ქეთევან ჯელაძე 45-50 000 დოლარს ფლობენ ნაღდი ფულის სახით.
გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილიც 75 ათას ევროს და 20 ათას ლარს, სახლში ინახავს.
ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს 50 000 დოლარი გადაუნახავს, რეგიონული განვითარების მინისტრს კახაბერ გულედანს კი 35 500 დოლარი.
სახლში აქვს 30 ათასი და 9 ათასი დოლარი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანს და მის მეუღლეს.
ნაღდ ფულს ინახავს თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე.
კალაძეს 50 ათასი დოლარი და 70 ათასი ევრო გადაუნახავს სახლში, მის მეუღლეს კი 65 ათასი ლარი და 45 ათასი ევრო.
კალაძის მოადგილეებიდან მხოლოდ ერთს, გიორგი ტყემალაძეს აქვს ნაღდი ფული 75 ათასი ლარი სახლში.
ბანკის ნაცვლად სახლში ინახავს სოლიდურ თანხას სახელმწიფო აუდიტის უფროსი გიორგი გაბიტაშვილიც. მას ნაღდი ფულის სახით სახლში უდევს 250 000 ლარი და 290 000 დოლარი.
კრიმინალური პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე და მის მეუღლეც სახლში ინახავენ 80 000 დოლარს.

„ოცნების“ მაღალჩინოსნების სახლში გადანახული ათიათასობით ლარი და დოლარი.
სია ძალიან გრძელია იმ პირების, ვინც ბოლო პერიოდში თანხების შენახვა სახლში დაიწყო. უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი საერთაშორისო სანქციების შიშს, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას? რაზე მეტყველებს მაგალითად ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნაღდი ფულის შენახვას არჩევს. ბანკებს არ ენდობა, თუ სხვა მიზეზი აქვს?
ამ თემაზე „ბათუმელები“ ეკონომისტ ზაზა ბროლაძეს ესაუბრა. ექსპერტის თქმით, ეს იმ ყველაფრის ანარეკლია, რაც ქვეყანაში ხდება.

ზაზა ბროლაძე
„კორუფციის ასეთი საოცარი მასშტაბები, შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა. მაშინ ამხელა ეკონომიკა არ იყო პროცენტულად, მაგრამ ამხელა წილს ვერ იპარავდნენ ბიუროკრატები.
არაფერს ვიტყვი შემდეგ ხელისუფლებაზე, რომელმაც საკმაოდ ეფექტურად იღვაწა იმისათვის, რომ კორუფცია შემცირებულიყო და ეს იყო დადასტურებული საერთაშორისო ინდექსებით.
ის ფაქტი, რომ ნაღდ ფულს ინახავენ, რა თქმა უნდა, სანქციების შიშია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი ფულის კონტროლი საკმაოდ რთულია. აქვს ეს ფული ნამდვილად თუ არ აქვს, არავინ უმოწმებს, მხოლოდ დეკლარირებას ექვემდებარება.
არც ამ ფულის წარმომავლობას აკონტროლებს ვინმე. თუ პროკურატურა ან სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდებიან, მაშინ უნდა დაადასტურონ საიდან აქვთ.
ტექნიკურად, ქეშის დეკლარირება ძალიან ხელსაყრელია მათთვის, რადგან ვერ გაიგებ რა თანხა აქვთ სინამდვილეში, თავი, რომ გავანებოთ წყაროს, თუ საიდან აქვთ ეს ფული. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ეს თანხები იმდენად მიზერულია ზოგიერთ კორუმპირებულ ადამიანთან დაკავშირებით, გვაფიქრებინებს, რომ ეს აისბერგის წვერია, რადგან ვიცით, რომ თანხებს ინახავენ კრიპტოვალუტაში, უძრავ ქონებაში, უცხოეთში და „შავი დღისთვის“ შენახული თანხებია. შეიძლება ადვოკატის დაქირავება დასჭირდეთ, ან სადმე წასვლა მოუწიოთ – ყოველდღიური ჯიბის ფულია ზოგიერთისთვის.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქციელი განსაკუთრებით სასაცილოა, როცა ამ ოდენობის თანხა უდევს მუთაქაში.
თუმცა სასაცილოს გარდა ტრაგედიაცაა, რადგან უფრო დაბალი რანგის ბიუროკრატებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის გარკვეული მოდელიც შეიძლება გახდეს და თუ მასიურად დაიწყებენ ისინიც ბანკების უგულებელყოფას, ეს გაზრდის ჩრდილოვან ეკონომიკას“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
„ქართული ოცნების“ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ქონებრივ დეკლარაციაში წერდა, რომ ნაღდი ფულის სახით 85 000 დოლარს ინახავდა. თუმცა 2025 წლის 19 ივნისს ის დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ასევე სხვა ეპიზოდებში.
დაკავების შემდეგ ყოფილ ჩინოვნიკს ჩამოართვეს საქართველოსა თუ ესპანეთში არსებული უძრავი ქონება, ოქროს ზოდები, ოქროს საათები, მონეტები, ავტომობილები და ასე შემდეგ.
„ამიტომ ვამბობ, რომ ის, რაც ჩანს, ეს არის ამ ადამიანებისთვის ჯიბის ფული. მნიშვნელოვანია, რა არის რეალურად აისბერგის წვერს ქვემოთ. რა თანხას ფლობს ესა თუ ის ჩინოვნიკი და მთავარი პრობლემა აქ ის კი არ არის, რომ ჩინოვნიკები სახლში ინახავენ ფულს, არამედ ის, რომ არანახული დონის კორუფციაა ქვეყანაში – ფულის მოპარვა სირცხვილი აღარ არის. ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმხელა თანხებს ფლობდა, რომ კაზინოშიც კი თამაშობდა“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
მისი თქმით, დღეს, „ქართული ოცნების“ ფუნქციონირების დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, საბჭოთა პერიოდის მიდგომას ჰგავს, როცა კორუფცია, მოპარვა სირცხვილად, კრიმინალად ნაკლებად მიიჩნეოდა.
„ამბობდნენ – „შენ ხომ არ გპარავ, სახელმწიფოს ვპარავ“. ჯარისკაცი იქნება თუ პაციენტი, შენ ჰპარავ მათ, როცა კორუფციაში ხარ. ესენი კი, ბობოლა, კორუმპირებულ ხალხზე იძახიან „კაცურად ზის“ ციხეშიო. ის კი არა, რომ კორუფცია სამარცხვინოა და სამარცხვინოები არიან“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
ნაღდი ფულის გარდა, ცალკეული ჩინოვნიკების დეკლარაციაში ფიგურირებდა კრიპტოვალუტაც. თუკი თანხების დიდ ნაწილს ციფრულ ვალუტაში გადაიტანენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები, შეძლებენ თუ არა სანქციების შემთხვევაში ასე გადაარჩინონ ფულადი დანაზოგები? – ვკითხეთ მას.
ზაზა ბროლაძის თქმით, ფულის კრიპტოვალუტაში შენახვის შემთხვევაშიც კი „მთლად გულარხეინად ვერ იქნებიან“.
„კრიპტოვალუტა ნაკლებად კონტროლირებადია, თუმცა მისი ტექნიკური მიკვლევა შესაძლებელია. 100%-ით რომ იყოს ადამიანი დაზღვეული, ასე არ არის. აშშ-სთვის ასეთი ინფორმაციაც ხელმისაწვდომია“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
ქვეყანაში კორუფციის ფაქტების კვლევაზე ანტიკორუფციულმა სამსახურმა უნდა იმუშაოს. თუმცა, თავად ამ სამსახურის უფროსიც კი, თანხებს სახლში ინახავს.
ზაზა ბროლაძის თქმით, ეს იმის ბრალია, რომ სისტემა კორუფციაშია, „ჭანჭიკები კი თავიანთ თავებს არ მოიჭრიან“.
„კორუფციის ბაცილა უნდა მოვიცილოთ თავიდან, რადგან დალაგებულ ქვეყანაში ვერცერთი ბიუროკრატი, ვერცერთი ფუნქციონერი ვერ უნდა ბედავდეს, ასე თავხედურად თან ფული აკეთოს და თან მერე დეკლარაციებში დააფიქსიროს ნაღდი ფული იქნება თუ შემოსავალი, რომელიც მათ ოფიციალურ ხელფასზე გაცილებით მეტია.
ინდულგენციასავით გახდა, რომ მე დავაფიქსირე დეკლარაციაში და მორჩა. შემოსავალი რომ გაქვს ასი ერთეული და დეკლარაციაში აფიქსირებ ხუთას ერთეულს, ნორმალურ ქვეყანაში ეს უნდა აჩენდეს კითხვებს. ჩვენ არც გვაქვს იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ კორუფციას ებრძვის. თუ ვიღაცის ინტერესები გადაიკვეთება, მაშინ იწყება ვიღაცის ჩაძირვა, თორემ კორუფციას არ ებრძვიან ამ ქვეყანაში“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
„ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება“, – თქვა გასულ წელს ნათია თურნავამ. რამდენად მოსალოდნელია, რომ სახლში გადანახული თანხები ერთ დღეს ჩინური ბანკების ანგარიშებზე აღმოჩნდეს? – ვკითხეთ ზაზა ბროლაძეს.
მისი თქმით, ჩინურ ბანკებსაც ისევე ეშინიათ ამერიკული სანქციების, როგორც ქართულ ბანკებს. ამიტომ, დასავლეთის მიერ დასანქცირებულ „ოცნების“ მაღალჩინოსნებს ფულის გადასარჩენად ერთადერთი გზა, – „მუთაქა“ რჩებათ.
„ჩინური ბანკებიც არიან საერთაშორისო მთლიანი სისტემის ნაწილები, ამიტომ ასე მარტივად ვერ გახსნიან იქ ანგარიშებს – ამით რომ დააღწიონ თავი სანქციებს, ეს გამორიცხულია. შიდა ჩინური Swift დავარქვათ ვთქვათ, არც ეს იქნება უსაფრთხო მათთვის, რადგან ნებისმიერი ჩინური ბანკი ეკონომიკურ საქმიანობაშია დასავლეთის ქვეყნებთან და ამ პროცესს ამონიტორინგებენ. ასეთ რისკს, მით უმეტეს ჩინური ბანკი არ აიღებს, უზარმაზარი ბრუნვები აქვთ და ჩვენი საჯარო მოხელეების ფულის გადამალვით არა მგონია, რომ დაკავდნენ.
იმედია, ხანძარი არ გაჩნდება და იქ არ ჩაიფერფლება ის, რაც გადაინახეს“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.

