აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანთან „ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები“ წარიმართა ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების სრულ და საბოლოო მოგვარებასთან დაკავშირებით.
„ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათისა და ტონის გათვალისწინებით, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მე ომის დეპარტამენტს დავავალე, ხუთი დღის ვადით გადადოს ყოველგვარი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც დამოკიდებული იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებაზე“, — წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
მანამდე ტრამპი თეირანს დაემუქრა ელექტროქსელის სრულად განადგურებით, თუ ირანი სრულად არ გახსნის გადაზიდვების მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტის მარშრუტს.
28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.
ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია სამხედრო ბაზები, რომელთაც აშშ იყენებს. იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადგურზე. ირანიდან ნასროლმა ბალისტიკურმა რაკეტამ დაარღვია ასევე თურქეთის საჰაერო სივრცე. რაკეტა ნატოს სისტემებმა ჩამოაგდეს და თუმცა ირანი უარყოფს, რომ მისი სამიზნე თურქეთი იყო, უცნობი რჩება, საით იყო მიმართული იყო რაკეტა. 5 მარტს ირანული დრონების სამიზნე გახდა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტი.
აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა ირანის არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ალი ლარიჯანი, ყოფილი სამხედრო ოფიცერი და ფილოსოფოსი, 2025 წლიდან უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც ირანის დე ფაქტო მმართველსაც უწოდებდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მოჯთაბა ხამენეიც, ალი ხამენეის შვილი, რომელიც ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს.
ირანში ომმა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ გამოიწვია ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებითი შემსუბუქება მოჰყვა.



