ყველა მიმართულებით გვაქვს მოცულობითი შეთავაზება და რა აქვთ სხვა პარტიებს?! – „ლელოს“ კრიტიკის ნაცვლად, თუ სად მივიდა და სად – არა, თქვან, რა არის მათი შეთავაზება ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა.
აღნიშნულით ის გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ლელო“ კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ დაესწრო.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დახურულ კარს მიღმა 20-წუთიანი შეხვედრა ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბრძოლის ველია, ეს ასე არ არის. ეს არის რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის უდიდეს საფრთხეს. შესაბამისად, რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლებისგან მოლოდინი არ არსებობს, რომ გადადგამენ ქვეყნის საკეთილდღეო ნაბიჯებს. ვნახეთ პროპორციულზე გადაგდება, შარლ მიშელის გადაგდება და პარლამენტში ობსტრუქციის მოწყობა. ბოლოს გაირკვა, რომ სამუშაო ჯგუფიც არ არის, ეს არის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ მონიშნონ ფორმალური მიზნებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ „ლელო“ საპარლამენტო პროცესში არ მონაწილეობს. ინიცირებული გვაქვს 100-ზე მეტი კანონპროექტი, რომელსაც „ოცნებამ“ პროცედურული ომი გამოუცხადა და ობსტრუქცია… ყველა მიმართულებით გვაქვს მოცულობითი შეთავაზება და რა აქვთ სხვა პარტიებს?! „ლელოს“ კრიტიკის ნაცვლად, თუ სად მივიდა, რატომ არ მივიდა, თქვან რა არის შეთავაზება ქართველი ხალხის მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, რა არის მათი შეთავაზება. გაუგებარი გეგმა წარადგინეს, სადაც კონკრეტული ვადები არ არის“,- აღნიშნა ბუაძემ.
გარდა ამისა, მან სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არის კრიზისი, „კარგ და წარმატებულ პრემიერებს კი სახლში არავინ უშვებს“.
„ეს არის რუსეთიდან მაშველი რგოლივით ისევ შემოგდებული ივანიშვილის პირველი გადაწყვეტილება. ეს ნაკარნახევია შიშით, ხელისუფლების დაკარგვის პანიკით. ერთი ოდიოზური პერსონაჟის მეორეთი შეცვლა რთულია იმედისმომცემი იყოს საზოგადოებისთვის მაშინ, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება. პრორუსული გეზის გადასარჩენად მოხდა ეს, „ქართული ოცნების“ პრორუსულ ვექტორს საფრთხე არ დაემუქროს. ამ უძრაობის მთავარი ღუზა, მთავარი მუხრუჭი არის ივანიშვილი, სხვა დანარჩენი, ვინც შემოკრებილია, არის ბალასტი. ერთი ბალასტის მეორეთი ჩანაცვლება ვერ განაპირობებს გემის დაძვრას დასავლეთის მიმართულებით. არ ვიცი, ამ ორი თავმბრუდამხვევი კანდიდატიდან რომელი უფრო პოპულარულია – ეს ხუმრობით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დაწინაურების ერთადერთი გზა არის პოპულარობა და სიმპათია ივანიშვილთან მიმართებაში“,- აღნიშნა ბუაძემ.