22 მარტს NATO-ს გენერალურმა მდივანმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ირანის წინააღმდეგ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას და გამოთქვა მოლოდინი, რომ ჰორმუზის სრუტეში ამერიკის მხარდასაჭერად NATO-ს სახელმწიფოები საბოლოოდ “ერთად დადგებიან”.
“რაც ვიცი, არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვდგებით,” აღნიშნა რუტემ CBS News-თან ინტერვიუში და პრეზიდენტ ტრამპს “გაგებით მოკიდება” სთხოვა, რადგან, მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს ამისთვის მომზადება მოუწიათ, ვინაიდან, “კარგი მიზეზების გამო ირანზე თავდაპირველი თავდასხმის შესახებ არ იცოდნენ”.
“ცხადია, არ შემიძლია თქვენთან ვისაუბრო იმაზე, რასაც საიდუმლოდ განვიხილავთ, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო, პრემიერმინისტრი სტარმერის ლიდერობით, წინ უძღვება 22 ქვეყნის ძალისხმევას. ამ კვირაში სატელეფონო საუბრები მქონდა პრემიერმინისტრ სტარმერთან და პრეზიდენტ მაკრონთან, და კიდევ ერთხელ, ამას მოჰყვა 22 ქვეყნის ჩართვა ამ ინიციატივაში.” – თქვა რუტემ და დაამატა, რომ NATO-ს ქვეყნები მზად არიან, უზრუნველყონ, რომ “ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად ცურვას უზრუნველყოფენ, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მსოფლიო ეკონომიკისთვის”.
რუტეს თქმით, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი ირანთან მიმართებით აკეთებს “კრიტიკული მნიშვნელობისაა”. ამის გამო NATO-ს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკელი ხალხი მხარს დაუჭერს ტრამპს, რადგან, მისი თქმით, ტრამპი ამას აკეთებს, რათა “მსოფლიო უფრო უსაფრთხო” იყოს.
“ზუსტად როგორც [აშშ-ს] ელჩმა უოლცმა თქვა, ჩვენ ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში ვნახეთ, თუ ძალიან დიდხანს ვმართავთ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, გასცდე მომენტს, როცა კვლავ შეგიძლია ამის გაკეთება და ჩრდილოეთ კორეას ახლა ბირთვული შესაძლებლობები აქვს.” – განმარტავს რუტე.
“ირანს ბირთვული შესაძლებლობები რომ ჰქონოდა, მათ შორის, სარაკეტო შესაძლებლობებთან ერთად, ეს პირდაპირი, ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის, რეგიონისთვის, ევროპისთვის, მსოფლიო სტაბილურობისთვის.” – დაამატა მარკ რუტებ და ირანი რეგიონსა და მსოფლიოში “ქაოსის ექსპორტიორად” დაახასიათა.
ცნობისთვის, 20 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა NATO-ს ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო ძალის მეშვეობით ჰორმუზის სრუტის გახსნაში წვლილის შეტანაზე, და მათ “ლაჩრები” უწოდა. ტრამპმა დაამატა, რომ აშშ ამ პოზიციას “დაიმახსოვრებდა”.
“აშშ-ს გარეშე NATO ქაღალდის ვეფხვია! მათ არ სურდათ ბირთვული იარაღის მქონე ირანის შესაჩერებლად ბრძოლაში ჩართვა. ახლა, როცა ბრძოლა სამხედრო თვალსაზრისით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხის ფასად, ისინი ნავთობის მაღალი ფასების გამო ჩივიან, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ, რომ წვლილი შეიტანონ ჰორმუზის სრუტის გახსნაში, რაც მარტივი სამხედრო მანევრი და ნავთობის მაღალი ფასების ერთადერთი განმაპირობებელია. ამის გაკეთება მათთვის ძალიან მარტივია, ხოლო რისკი ძალიან დაბალი. ლაჩრები, და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ!” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
“ლაჩრები” – ტრამპმა NATO-ს მოკავშირეები ჰორმუზის სრუტეში უმოქმედობის გამო გააკრიტიკა
გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ნიდერლანდებმა 19 მარტს განაცხადეს, რომ “მზად არიან, წვლილი შეიტანონ შესაბამის ძალისხმევაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო მოძრაობა.”
ხსენებულმა ქვეყნებმა “მტკიცედ დაგმეს” სპარსეთის ყურეში “შეუიარაღებელ სავაჭრო ხომალდებზე ირანის მხრიდან ბოლო იერიშები” და აღნიშნეს, რომ “მიესალმებიან იმ ქვეყნების მზადყოფნას, რომლებიც ჩართულნი არიან მოსამზადებელ დაგეგმვაში”.
თუმცა, მოგვიანებით იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა განმარტეს, რომ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა დაუყოვნებლივ სამხედრო დახმარებაზე, არამედ – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ პოტენციურ მრავალმხრივ ინიციატივაზე.
იტალია, გერმანია და საფრანგეთი ჰორმუზში დახმარებას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განიხილავენ
ირანმა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მრავალ ქვეყანას ნავთობი და გაზი მიეწოდება, ფაქტობრივად ჩაკეტა – ისინი თავს ესხმიან სავაჭრო გემებს. შექმნილი კრიზისის ფონზე კი იზრდება ნავთობის ფასები.
ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, 12 მარტს წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო და განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გააგრძელებს. 11 მარტიდან მოყოლებული სპარსეთის ყურეში დაახლოებით 20-მდე გემს დაესხნენ თავს.
Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, მშვიდობიანობის დროს ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.
თუმცა, გემებზე თავდასხმების მიუხედავად, რის გამოც ყოველდღიური გადაადგილება დაახლოებით 95%-ით არის შემცირებული, BBC-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ომის დაწყებიდან ჰორმუზის სრუტე 100-მდე გემმა გაიარა.
გამოცემის მონაცემებით, ომამდე სრუტის გავლით ყოველ დღე 138 გემი გადაადგილდებოდა, ხოლო მარტის თვეში ეს რიცხვი საშუალოდ დღეში 5-6 ხომალდამდე შემცირდა. მონაცემები აჩვენებს, რომ სრუტის გავლით გადაადგილებული გემების მესამედი ირანთან იყო კავშირში, კიდევ ცხრა გემის მფლობელ კომპანიებს ჩინური მისამართები ჰქონდათ, ხოლო ექვსი გემის საბოლოო დანიშნულების ადგილად ინდოეთი იყო მითითებული.
ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ირანის პორტებში გაჩერდა რამდენიმე არაირანული გემიც, მათ შორის, ბერძნული კომპანიების მფლობელობაში არსებული ხომალდებიც.