გირაოთი გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელიც კოლეგას სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა – პროკურატურა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ორიათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა სკოლის მასწავლებელი, რომელიც კოლეგას სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა. შემთხვევა თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში ხდებოდა.
„ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ კოლეგის ამ ქცევის გამო მასწავლებელი იძულებული გახდა ხანგრძლივი უხელფასო შვებულება აეღო. პედაგოგს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია).
პროკურატურა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…