ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ.
„შეთანხმების მიღწევა ჩვენც გვსურს. მათთან ტელეფონით ალბათ დღესაც ვისაუბრებთ. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს. ომები აღარ უნდა იყოს და ბირთვული იარაღი აღარ უნდა იყოს. მათ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ. ისინი ამაზე თანახმა არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ადამიანთან, რომელიც ყველაზე პატივსაცემი კაცია“.
„ეს უზენაესი ლიდერი არ არის. მისგან არავის არაფერი გაუგია. არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს.
„შეიძლება მე და ვინც არ უნდა იყოს შემდეგი აიათოლა. ასევე, იქ რეჟიმის ცვლილების ძალიან სერიოზული ფორმა იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.




