პრაღა, ლეტნა პარკი, 21 მარტი, 2026 წ.Facebook / Vít Rakušan21 მარტს ჩეხეთში 2019 წლის შემდეგ სიდიდით ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა, რომლის ფარგლებიც აქციის ასობით ათასმა მონაწილემ პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება, საზოგადოებრივი ტელევიზიის დაფინანსებაში ცვლილებები და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი წესები გააპროტესტა.
პოპულისტური პარტია ANO და მისი ევროსკეპტიკოსი ლიდერი, ანდრეი ბაბიში, ოპოზიციაში ოთხი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ხელისუფლებაში დეკემბერში დაბრუნდნენ.
მოძრაობამ “მილიონი მომენტი დემოკრატიისთვის” ხალხი გააფრთხილა, რომ ქვეყანა შესაძლოა, სლოვაკეთის ან უნგრეთის გზას დაადგეს, სადაც კანონის უზენაესობის მხრივ პრობლემების გამო ბოლო წლებში მთავრობები ევროკავშირს დაუპირისპირდნენ. ამ ფონზე დემონსტრაციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქციაზე 250 000-მდე ადამიანი გამოვიდა.
ბოლო პერიოდში კრიტიკოსებმა შეშფოთებები გამოხატეს მთავრობის პოლიტიკაში ცვლილებების გამო. ანალოგიური საპროტესტო აქცია ქვეყანაში თებერვალშიც გაიმართა, როცა 90 000-მდე ადამიანი გამოვიდა პრეზიდენტიპეტრ პაველის მხარდასაჭერად, რომელსაც თავდაცვის ბიუჯეტისა და მინისტრების თანამდებობებზე ნომინაციების გამო ბაბიშის მთავრობასთან დაპირისპირება მოუწია.
ბაბიშის მთავრობის მოწინააღმდეგეები აპროტესტებენ ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯების შემცირებას, საზოგადოებრივი ტელევიზიის დაფინანსებაში ცვლილებებს, რაც, მათი თქმით, მის დამოუკიდებლობას დააზიანებს, და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის “გამჭვირვალობის წესების” გამკაცრებასაც.